ბათუმის ვიცე მერთან, თენგიზ პეტრიძესთან გაფიცული მძღოლების წარმომადგენლების შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. პეტრიძის განცხადებით, ქალაქის მერი მივლინებაშია და ორი დღის შემდეგ შეხვდება მძღოლებს. თენგიზ პეტრიძე მძღოლებს სთავაზობს, მანამდე მუშაობა განაახლონ.
გაფიცული მძღოლები გარანტიებს ითხოვენ, რომ ახალი სამარშრუტო მიმართულებების ამოქმედების შემდეგ სამუშაო ადგილები არ განახევრდება. ასევე, მძღოლებს სურთ, რომ საკრებულომ შეაჩეროს ახალი რეგულაციების საკითხის განხილვა, რომლითაც მიკროავტობუსების ტექნიკური გამართულობის, მოძრაობისა და გადასახადების წესი უნდა დამტკიცდეს.
ჯერჯერობით უცნობია, განაახლებენ თუ არა მძღოლები მუშაობას, ისინი მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან მიდიან.