LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმსა და ქუთაისში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები გაიხსნა

93

ბათუმში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა. ე.წ.ფაბ-ლაბი ეკონომიკის სამინისტროს „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელშეწყობით შეიქმნა.

ბათუმის გარდა, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ქუთაისშიც ამოქმედდება. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, ინოვაციებისა და მრეწველობის განვითარება და ბათუმისა და ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესია და ეს მალე ქალაქების ეკონომიკურ წინსვლაზე აისახება – გაჩნდება ახალი „სტარტაპ ბიზნესები“ და სამუშაო ადგილები.

„აჭარაში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა პირველი სამრეწველო ლაბორატორია. ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს უსასყიდლოდ შეეძლებათ თავიანთი იდეების ძალიან მარტივად, პროტოტიპებში გადატანა. ამისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული საგრანტო კონკურსი, რომელშიც აღნიშნულმა უნივერსიტეტმა გაიმარჯვა და შესაბამისად, 250 000 ლარის გრანტის ფარგლებში არის დაფინანსებული ყველა ის ულტრათანამედროვე მოწყობილობა და დანადგარი, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ძალიან მალე განახორციელონ თავიანთი იდეები და მიიღონ რეალური შედეგები. შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ სამრეწველო ლაბორატორიას უზრუნველვყოფთ როგორც სახარჯი მასალით, ასევე შესაბამისი ხელფასით, ხოლო ერთი წლის შემდეგ უკვე უნივერსიტეტი თავისი ხარჯებით გააგრძელებს ამ საქმიანობას“ – განაცხადა ლაბორატორიის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ქაშიბაძის ინფორმაციით, პირველი ფაბ-ლაბი თბილისში შეიქმნა და დღეს დაინტერესებულ ადამიანებს აქტიურად და წარმატებით ემსახურება. ფაბ-ლაბების ქსელის გავრცელება მომავალ წელს სხვადასხვა რეგიონში იგეგმება.

მისი განცხადებით, ინოვაციები განსაკუთრებით მნიშნელოვანია სახელმწიფოსთვის, რადგან იგი ინსტრუმენტია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, შემოსავლების ზრდისთვის, ახალი და ფართო საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

ფაბ-ლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბ-ლაბი ყველას აძლევს საშუალებას, ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას.

magti 5g