LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

111
ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა დაიწყო.

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პროგრამის მონაწილეებს შეხვდა, პირადად მიულოცა კონკურსში გამარჯვება და წარმატებები უსურვა.

ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეები კონკურსის გზით შეირჩნენ – შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი სტაჟირების მსურველი ახალგაზრდების აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა იყო.  სამინისტროში გასაუბრებისას უპირატესობა უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს მიენიჭათ.

სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებში სტაჟირებას სულ 86 ადამიანი გაივლის (34 – ცენტრალურ აპარატში, 52 – საქვეუწყებო ორგანიზაციებში).

სამინისტროში დასაქმებული სტაჟიორები იმუშავებენ არაერთი მიმართულებით: ეკონომიკა, სამართალი, ბიზნეს ადმინისტრირება, ენერგეტიკა, ფინანსები/აუდიტი, სტრატეგიული კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, ტურიზმი, სივრცითი დაგეგმარება, გეოლოგია/კარტოგრაფია, კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ტრანსპორტი/ლოგისტიკა, საჯარო მმართველობა და სხვა.

სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, სრულად ჩაერთონ სამინისტროს და მისი ქვეუწყებების საქმიანობაში, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და დეტალურად გაეცნონ საჯარო უწყებების მუშაობის სპეციფიკას, რაც საბოლოო ჯამში, მათთვის დიდი პროფესიული პრაქტიკა იქნება.