რეკრეაციული სივრცის გაზრდის და სეზონურობაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ბათუმში ცენტრალური პარკის, ახალი ტურისტული ატრაქციის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რიჟვაძის თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამუშავდა ბათუმის პროექტი, რომელიც გაშენდება ქალაქის შიდა ნაწილში, არანაკლებ 22 ჰა ტერიტორიაზე. შეიქმნება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ტურიზმის ხელშეწყობას, განვითარებას, საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნას. ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლებაში გაშენდება ახალი რეკრეაცია, ამ მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ, ახალი ცენტრალური პარკი ტურისტული თვალსაზრისით ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის, ამასთან ჩვენს თანაქალაქელებს ექნებათ გართობისთვის და დასვენებისთვის ახალი, ძალიან მიმზიდველი სივრცე”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე ინფორმაციით, ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე საბაგირო აშენდება და არგოს მთას დაუკავშირდება, რითაც შეიკვრება ერთგვარი სამკუთხედი და საბაგიროს მეშვეობით ტერიტორია ბულვარს დაუკავშირდება.
პროექტის ფარგლებში ბათუმში შეიქმნება მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის.
სახელმწიფო მიმდინარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობაში არანაკლებ 14 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.


