LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბათუმთან ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობას რუსეთის მოქალაქეები სავარაუდოდ კორუფციული გზებით ცდილობენ“ – TI

146
ტი

„რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16,000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის (Salibauri Hills) მშენებლობას გეგმავენ“, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, პროექტთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეების გავლით შესწირეს თანხა მმართველ პარტიას, რის შემდეგაც მალევე მიიღეს საჭირო ნებართვა.

„რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16,000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის (Salibauri Hills) მშენებლობას გეგმავენ. პროექტთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეების გავლით შესწირეს თანხა მმართველ პარტიას, რის შემდეგაც მალევე მიიღეს საჭირო ნებართვა.

საუბარია კომპანია „ეიჩ გრუპ დეველოპმენტზე“, რომლის 90%-ს რუსეთის მოქალაქეები: მარეტა დოლგიევა და მაგომედ ჩაბიევი ფლობენ. 2022 წლის 25 ნოემბერს, კომპანიასთან დაკავშირებულმა ორმა საქართველოს მოქალაქემ – დირექტორმა მარინა დეხტიარევმა და ჩაბიევის ბიზნესპარტნიორმა ჯონი ჯინჭარაძემ, მმართველ პარტიას, ჯამში, 40,000 ლარი შესწირეს (მათი პირველი და ერთადერთი პოლიტიკური შემოწირულება). ორ კვირაში, 12 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულომ პროექტისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) ერთხმად დაამტკიცა.

შემოწირულებისა და ნებართვის გაცემის თარიღებს შორის სიახლოვე აღძრავს ეჭვს, რომ შემოწირულების მიზანი შესაძლოა მშენებლობის ნებართვის მოპოვება ყოფილიყო. ხოლო, ის ფაქტი, რომ შემოწირულება სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გაიღეს, აღძრავს ეჭვს, რომ ეს თანხა შესაძლოა არა მათ, არამედ მშენებელი კომპანიის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.

საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური შემოწირულება. კომპანიის რუსი მფლობელები ვერ შეძლებდნენ მმართველი პარტიისთვის თანხის პირდაპირ შეწირვას, ამიტომ სავარაუდოა, რომ საჭირო ნებართვის მისაღებად მათ კომპანიასთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეები გამოიყენეს. მაგომედ ჩაბიევს სხვა პრობლემური პროექტებიც აქვს: ჩაბიევის ბიზნესპროექტები საქართველოში დაკავშირებულია ენვერ ცეცხლაძესთან, რომელიც ასლან აბაშიძის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის, დისშვილია. ჩაბიევი და ცეცხლაძე ბათუმში ერთად აშენებენ 40-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს 7th Heaven Residence, რომლის გაყიდვების დირექტორიც ასევე ზემოხსენებული მარინა დეხტიარევია. „ნეტგაზეთისა” და „ბათუმელების” გამოძიების მიხედვით, მიწა, რომელზეც 7th Heaven Residence-ის პროექტი ხორციელდება, ენვერ ცეცხლაძემ 2016 წელს საეჭვო გზებით დაიბრუნა და მშენებლობის პროცესში მოპოვებულმა ნებართვებმა კითხვის ნიშნები გააჩინა. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ეს საკითხი და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g