ბავშვები, რომლებიც საკუთარ თითს წოვენ, ანდა ფრჩხილებს იკვნეტენ, ნაკლებად ალერგიულები არიან. ამის შესახებ ახალ კვლევაშია ნათქვამი, რომელზეც The Independent წერს.
კვლევის მიხედვით, 13 წლის ბავშვების 45 პროცენტს სუსტი რეაქცია მაინც აქვთ ალერგენებზე, როგორიცაა კატები, ძაღლები, მტვრის ტკიპა, ბალახი და ა.შ.
თუმცა, იმ ბავშვებში, რომლებიც თითს წოვენ, ან ფრჩხილებს იკვნეტენ, ალერგიისადმი მიდრეკილი მხოლოდ 31%-ია.
ერთ-ერთი მკვლევარი, პროფესორი მალკოლმ სიერსი, კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ კვლევა ეთანხმება ჰიგიენის თეორიას, რომლის მიხედვითაც, რაც მეტად აქვს ბავშვს მიკრობებთან შეხება, მით ნაკლებია ალერგიის განვითარების შანსი.
„არ ვამბობთ, რომ ფრჩხილების კვნეტა, ან თითის წოვა კარგი ჩვევებია, მაგრამ ნაკლებად ალერგიულობა აღნიშნული ჩვევების დადებითი მხარეა,“ – ამბობს პროფესორი.