LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებს შორის ძალადობა სახელმწიფოს ინეტრული პოლიტიკის შედეგია – ანა არგანაშვილი

269

“ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ არიან პრიორიტეტულები,” – ეს სიტყვები საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, ეკუთვნის.

ომბუდსმენმა ეს განცხადება ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როცა სკოლებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არასრუწლოვანთა მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების ფაქტები დამდგარი არ იყო. მაშინ უჩა ნანუაშვილი ბავშვთა მიმართ ძალადობასა და ბულინგზე საუბრობდა. 

ომბუდსმენის ანგარიშებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთქმობოდა სკოლებსა და ოჯახებში ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებს, თუმცა, მაშინ თანამდებობის პირები რიგ შემთხვევაში მიიჩნევდნენ,  რომ ეს ცალკეული შემთხვევებია და მთლიანობაში საგანგაშო არაფერია. კიდევ უფრო ადრე, თანამდებობის პირებს არც “გაეროს ბავშვთა ფონდის” მიერ ჩატარებული კვლევა მოეჩვენათ საგანგაშოდ, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი თვლის, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები. ასევე, 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ოჯახის შიდა საქმეები მხოლოდ ამ ოჯახის პირადი საქმეა და სხვები მასში არ უნდა ერეოდნენ.

ამავე კვლევის მიხედვით, სკოლებში მომუშავე პროფესიონალებს ნაკლებად ესმით საკუთარი როლი ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში. სკოლებში მომუშავე პროფესიონალთა (მასწავლებლების და მანდატურების) 46 პროცენტმა განაცხადა, რომ ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინება საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ძალადობა მძიმე ფორმისაა და რამდენჯერმე განმეორდა.

ბავშვთა საკითხებზე საუბარი სახელმწიფომ მხოლოდ ახლა დაიწყო. 2017 წლის მიწურულს 51-ე სკოლასთან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც კიდევ რამდენიმე ასეთი ფაქტი დაერთო, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანდატურის სამსახურის რეფორმა წარმოადგინა.

დანაშაულის პრევენცია, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სამ დონეზე ხორციელდება. პირველადი დონის სამიზნე ჯგუფი ყველა ბავშვია და აქ პრევენციის განხორციელების პასუხისმგებლობა საგანმანათლებლო და სოციალურმა სისტემებმა უნდა იტვირთონ; მეორე დონეზე მუშაობა უშუალოდ რისკ-ჯგუფებთან მიმდინარეობს –  ბავშვებთან, რომელბიც ანტისოციალურ ქცევას ავლენენ; მესამე დონის პრევენცია კი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი გამეორების საფრთხის თავიდან აცილებას გულისხმობს. ბავშვთა საკითხებზე ზრუნვა სამ უწყებას – განათლების სამინისტროს, შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სამსახურს ევალება, თუმცა, ჯერჯერობით პრობლემაზე მხოლოდ განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში მსჯელობენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, ანა არაგანაშვილი, მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ პრობლემა, რომელიც წლებია, არსებობს, გვიან შეამჩნია. დღეს არსებული პრობლემები კი ბავშვთა საკითხებზე სახელმწიფოს ინეტრული პოლიტიკის შედეგია. ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ მანდატურის სამსახურის რეორგანიზაცია განათლების ფუნდამენტური რეფორმისა და სოციალური სამსახურის ჩართულობის გარეშე ვერაფერს შეცვლის.

ანა არაგანაშვილი: მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ სკოლებში ძალადობრივი გარემოა. ვიტყოდი, რომ ბავშვებს შორის ძალადობა და ბულინგი ანარეკლია იმისა, რასაც ისინი დაისწავლიან უფროსებისგან. ჩვენთვის ცნობილია, რომ ხშირად, სამწუხაროდ, მასწავლებლებისგანაც ხდება ბავშვებზე ძალადობა და მათ არ ეძლევათ საშუალება, რომ საკუთარი უფლბები დაიცვან. შესაბამისად, მათ უჩნდებათ განცდა, რომ ძალადობა არის ქცევის მიღებული ფორმა.

დღეს რასაც სახელმწიფო აკეთებს, ვერ ვიტყვი, რომ ეფექტიანია. მხოლოდ გარედან კონტროლზე ორინეტირებული ქმედებები, რომელიც ბავშვებს არაძალადობრივ კომუნიკაციას არ ასწავლის და ღირებულებაზე დაფუძნებულ მიდგომებს არ განუვითარებს, ვერ იქნება ეფექტიანი. თითქოს, პრობლემის აღმოფხვრას ვიწყებთ სიმპტომისგან და არა მიზეზებისგან, მიზეზებზე არ მუშაობს სახელმწიფო. განათლების სამინისტროს არ ჩაუტარებია კვლევა, თუ რა არის ბავშვებს შორის აგრესიის და ძალადობის მიზეზები და, თუ მან არ იცის ეს მიზეზები, მაშინ სიმპტომებთან გამკლავება არაეფექტური იქნება. შესაბამისად, მათი პროგრამებიც არის მხოლოდ გამოვლინების შემდგომ რეაგირებაზე ორიენტირებული.

ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გადახედოს სახელმწიფომ ამგვარ მიდგომას და მანდატურებით კი არ დაიწყოს, არამედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა გაატაროს. პირველ რიგში, ბავშვთა უფლებები უნდა იყოს სკოლაში წამყვანი ღირებულება. დღეს რას ვხედავთ? ნებისმიერი მშობელი ან ბავშვი, რომელიც უფლებების დაცვას დააპირებს სკოლაში, ფაქტობრივად, სისტემისგან ისჯება. წახალისებული კი არ არის, პირიქით, უფრო გარიყავენ, უპირისპირდება მთელი ადმინისტრაცია.

  • თქვენს ორგანიზაციას თუ ჰქონია ასეთი შემთხვევა, როცა ამის გამო, სკოლა მშობელს უპირსპირდება?

ანა არგანაშვილი: კი, ძალიან ხშირად. ფაქტობრივად, ყველა მშობელი და ბავშვი მომმართავს უფლებების დაცვის თხოვნით. ისინი სკოლის მხრიდან საკმაოდ დიდი ნეგატიური დამოკიდებულების სამიზნეები არიან. მშობლები და ბავშვები სწორედ ამას გვეუბნებიან, რომ სკოლის და განათლების სამინისტროს მხრიდან არ არის წახალისებული ბავშვების უფლებების დაცვა, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და სხვა კომპონენტები, რაც ჩვენი კანონმდებლობით არის გარანტირებული. აბსოლუტურად ფრაგმენტირებულია ეს სფერო – ცალკე არიან სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები და სახელმწიფო უწყებები, ცალკე ბავშვები და ცალკე მშობლები და ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ეფექტი არ ექნება ასეთ ძალიან კონტექსიტდან ამოგლეჯილ ღონიძიებებს.

  • თქვენ ახსენეთ, რომ მოგმართავენ ხშირად უფლებების დაცვის თხოვნით…

ანა არაგანაშვილი: კი, მე დღესაც სკოლაში ვიყავი. კვირაში რამდენჯერმე კი არა, ყოველდღე მოგვმართავენ სკოლაში ბავშვთა უფლებების დარღვევაზე.

  • ძირითადად, ვის მიერ ხდება ბავშვთა უფლებების დარღვევა, არის ეს მასწავლებლების მხრიდან?

ანა არგანაშვილი: კი, უმრავლეს შემთხვევაში მათი მხრიდან, ასევე ადმინისტრაციის მხრიდან. ვიტყოდი, რომ ისინი მხოლოდ მაშინ არ არიან დამღრვევნი, როცა თავად არღვევს ბავშვის უფლებას, არამედ მაშინაც, როცა გულგრილად ეკიდებიან ბავშვებს შორის ბულინგს. ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები მაშინ, როცა მასწავლებლისა და ადმინისტრაციის ვალდებულებაა, ჩაერიოს, მედიაცია აწარმოოს, შეარიგოს, იზრუნოს მეგობრულ გარემოზე. პრობლემა იქიდან მომდინარეობს. ზოგადად, ატმოსფერო არ არის ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე. ძალიან ხშირად, ბავშვები ერთმანეთზე რატომაც ახდენენ ძალადობას, ამის მიზეზი ამ ღირებულებების ნაკლებობის ბრალია. თუ ჩვენ, განათლების სამინისტრომ ამაზე არ ვიმუშავეთ, პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელია.

  • რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში განათლების სამინისტრომ? 

ანა არაგანაშვილი: პირველ რიგში, უნდა ჩაატაროს კვლევა იმის დასადგენად, რა არის ამის მიზეზი, რაც ხდება. ეს კვლევა აჩვენებს სწორედ, რომ წამყვანი პრობლემა არის ზრდასრულებში, რომლებიც თავიანთ კომპეტენციას ვერ ახორციელებენ. თუნდაც იმ გარემოში, როცა ერთ სკოლაში 2000-ზე მეტი ბავშვია. კვლევის შედეგად ექნებათ სურათი, რაზე უნდა იმუშაონ და რა უნდა გამოსწორონ. ამის გარეშე მხოლოდ მანდატურების ინსტიტუტის გაძლიერება ნამდვილად არ იქნება ეფექტიანი.

  • ამ პრობლემებზე მხოლოდ განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს, ნაკლებად ვხედავთ ამაში ჩართულს სოციალურ სამსახურს…

ანა არაგანაშვილი: კი, ეს ძალიან სერიოზული ხარვეზია იმიტომ, რომ თავად სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვებს აქვთ პრობლემები ოჯახშიც. ბევრი ბავშვი უგულებელყოფის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლია და რა თქმა უნდა, ეს პრობლემები შემდეგ სკოლის სივრცეში გადმოდის. სოციალური სამსახურის ჩართულობის გარეშე, შეუძლებელია ბავშვის პრობლემებზე მუშაობა. ეს უნდა ხდებოდეს სხვადასხვა უწყებების კოორდინაციით, მხოლოდ ერთი ამას ვერ მოერევა.

  • რა მდგომარეობაა სოციალურ სამსახურში რესურსების თვალსაზრისით? ვიცით, რომ ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების სიმცირე სერიოზული პრობლემაა. 

ანა არაგანაშვილი: ძალიან სერიოზული პრობლემაა. ხშირად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მათ აქვთ წინასწარ ინფორმაცია, მაგალითად, სკოლაში გარკვეული პრობლემების არსებობაზე, მაგრამ არ აქვთ რესურსი მივიდნენ და იმუშაონ.

 

 

თაკო ივანიაძე 

პოპულარულები