LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი საავადმყოფოში მეწვინა, მე კი სამსახურში დავდიოდი და ვუკრავდი, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი საშინელებაა?!“

1194
ია ყანჩაველი

ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა ეტაპს გავდივართ. ხან ვსწავლობთ, ხან სირთულეებს ვებრძვით, ხან კი წარმატებით ვტკბებით. თუმცა, ისიც ვიცით, რომ მაღალ საფეხურზე ასასვლელად მხოლოდ ნიჭი არ კმარა. ამისთვის ბევრი შრომა გვჭირდება. ამჯერად, fortuna.ge 35 წლის მევიოლინე გოგონაზე, ია ყანჩაველზე, გიამბობთ, რომელიც ქუთაისში დაიბადა.

ია ყანჩაველი: ამჟამად, ოჯახის წევრებთან ერთად, თბილისში ვცხოვრობ. მეუღლე პოლონეთშია. შექმნილი სიტუაციის გამო, ამ ეტაპზე ცალ-ცალკე გვიწევს ყოფნა. მამა სოფელში ცხოვრობს. ჩემი უფროსი ბიჭი 11 წლის არის, პატარა 3 – ს.

როგორ ფიქრობ, განსხვავდება შენი ბავშვობა და დღევანდელი თაობა?

პირადად მე საკმაოდ მხიარული და საინტერესო ბავშვობა მქონდა, მაგრამ რომ გითხრათ, უდარდელი ვიყავი და არაფერი მაკლდა მოგატყუებთ. ცოტა რთულად მახსენდება. სინათლეც არ იყო. ლამპები გვენთო სახლში. ეს ყველას გამოვლილი აქვს, მაგრამ მაინც თავისებური ხალისი იყო. ჩემს სახლში სულ მუსიკის ხმა ისმოდა. ბაბუა ფანდურზე უკრავდა და ვმღეროდით, დედა ფორტეპიანოს ასწავლიდა. როდესაც მოსწავლეებს ამეცადინებდა, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ვუსმენდი. მოკლედ, სულ ჟრიამული გვქონდა. დედას მუსიკოსი მეგობრები ჩვენთან იკრიბებოდნენ და მუდმივად მუსიკის, სპექტაკლებისა და ფილმების განხილვა მიმდინარეობდა.

ვინ და როგორ აღმოაჩინა შენი მუსიკალური ნიჭი?

როგორც გითხარით, მუსიკალური ოჯახი მყავს. ერთხელაც დედამ შემამჩნია, პიანინოზე სიმღერის აწყობას როგორ ვცდილობდი. ნოტებიც არ ვიცოდი, როდესაც დამოუკიდებლად „ელიზეს ვალსი“ სმენით ავაწყვე. არც გაკვირვებია, რადგან გენეტიკაში მაქვს და ნიჭიც გამომყვა.

რითი გამოირჩეოდი სხვა ბავშვებისგან?

ყოველთვის მინდოდა, სხვებისგან გამორჩეული ვყოფილიყავი, თუმცა არ ვგულისხმობ, რამე ძვირიანი მცმოდა ან თავში ავარდნილი მქონოდა. უბრალოდ, თუნდაც სამოსის პატარა დეტალით ან ვარცხნილობით სხვებისგან განსხვავებული უნდა ვყოფილიყავი. აქ ვიოლინოც დიდ როლს თამაშობდა, გარკვეულ იმიჯს მიქმნიდა.

როგორც ვიცი, თავად ქმნიდი სამოსს, რომელსაც ატარებდი..

თვიდან თოჯინების ტანსაცმელების კერვა დავიწყე. დედაც ნემსსა და ძაფს თამამად მანდობდა, თუმცა ვაღიარებ, რომ ერთხელ ფარდაც კი დავჭერი. რაც წამოვიზარდე, ჩემი სამოსის კერვა დავიწყე. ხან გადავაკეთებდი ხოლმე. ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალურ დონეზე ვკერავ, მაგრამ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. განსაკუთრებით ის, რომ მხოლოდ მე მეცვა, სხვას არავის და სულ მეკითხებოდნენ, თუ სად შევიძინე.

ყველა ადამიანს გვაქვს გარკვეული კომპლექსი თინეიჯერულ ასაკში. რა იყო შენი შინაგანი კომპლექსი, რისი დაძლევაც გსურდა და როგორ მოერიე?

გაგიკვირდებათ და ახლა უფრო მეტი კომპლექსი მაქვს, ვიდრე მაშინ. ვხუმრობ… ასე კომპლექსი არ მახსენდება, ალბათ, მქონდა, ან არც მქონდა. იცით, რა არის?! ისე გავიზარდე, თავიდანვე მიჩვეული ვიყავი, რომ რაც უნდა ყოფილიყო, ყოველთვის დამეფიქსირებინა ჩემი აზრი. მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი და პირიქით, საკუთარი აზრის გამოთქმის კომპლექსი არ მქონოდა და მორცხვი არ ვყოფილიყავი.

რატომ ვიოლინო?

როდესაც მუსიკალურში ვაბარებდი, დედას უნდოდა, რომ ფლეიტაზე მესწავლა, მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ყველა ნოტი გამოვიცანი, სიმღერა შევასრულე, ჩემი რამდენიმე აკორდით აწყობილი მუსიკა დავუკარი. აბსოლუტური სმენა აღმომაჩნდა, ამიტომ კომისიამ გადაწყვიტა, რომ ვიოლინოს ყური მქონდა. მუსიკალურ სმენას მასწავლებლები ასე აღნიშნავენ.

შენი პირველი წარმატება..

წარმატებები ეტაპობრივად მოდიოდა. ჩემთვის მოსწავლეობის დროს კონცერტი, ყოველი მაღალი ნიშანი, მუსიკალურის დამთავრება, შემდეგ ჩაბარება. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი წარმატება იყო.

„ნიჭიერის“ ნახევარფინალისტი ხარ.. . როგორ გადაწყვიტე მონაწილეობა, რა წინააღმდეგობები შეგხვდა და რა მოგცა ამ პროექტმა?

როცა თბილისში გადმოვედი, „ნიჭიერში’“ გასვლა გადავწყვიტე. მიზანი მეტი ცნობადობა იყო, თუმცა ნახევარფინალში გავედი და დასრულდა. კარგი იყო, ჯერ ბევრი მეგობარი შევიძინე, ვისთანაც ახლაც მაქვს ურთიერთობა, ჩემთვის ეს ეტაპი სიახლე იყო და რატომაც არა.

განსაკუთრებულად რომელი კომპოზიციაა შენთან ახლოს, რისი შესრულებაც არ გბეზრდება და რატომ?

შეიძლება ამოვიჩემო კომპოზიცია და რაღაც პერიოდი ვუკრავდე, მაგრამ ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს, ერთფეროვნებაა. ამიტომ, ვაახლებ და ვცვლი, მაგრამ ძველი მაინც რჩება ჩემს ,,პროგრამაში”. ძალიან მიყვარს 6-იანი წლების ჰიტები, და მათი სიმღერის პარტია ვიოლინოზე გადმომაქვს. ასევე გამოვარჩევ კლასიკას. ვიოლინოზე დაკვრა არასოდეს მბეზრდება.

ვის ეძღვნება შენი შესრულებული კომპოზიციები?

მუსიკა შეიძლება, ვინმე კონკრეტულს მიუძღვნა და შეიძლება, საერთოდ სხვა სამყაროში „გახვიდე’“. მქონდა ასეთი რთული პერიოდი, რომ ბავშვი საავადმყოფოში მეწვინა, მე კი სამსახურში დავდიოდი და ვუკრავდი. ამ დროს არ გაქვს უფლება, რამე შეგეტყოს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი საშინელებაა, მაგრამ როგორც კი დაკვრას ვიწყებდი, სულ სხვა ია იდგა სცენაზე.

ქუჩის მუსიკოსი.. ყველას არ შეუძლია მსგავსი გაბედული ნაბიჯის გადადგმა. როგორ გადაწყვიტე, რამ განაპირობა და რა შეგრძნებაა, როდესაც ქუჩაში გამვლელი სითბოს და სიყვარულს გამოხატავს ხელოვანის მიმართ. ამ დროს ხომ მათთან პირდაპირი შეხება გაქვს?

გეთანხმებით, რომ რთულია, ასე უბრალოდ ადგე და დაუკრა ქუჩაში, მაგრამ როგორც გითხარით, ამისი კომპლექსი არ მაქვს. ხალხს, მსმენელსა და აუდიტორიას მიჩვეული ვარ. ჩემი გარეთ გამოსვლა დღევანდელმა საშინელმა მდგომარეობამ განაპირობა, რაც ჩვენს თავს და განსაკურებით, ხელოვანი ხალხის თავს ხდება. სიმართლე გითხრათ, სულ მინდოდა გარეთ დაკვრა ისე, როგორც საზღვარგარეთაა. ბევრჯერ წარმოვიდგენდი, რომ ვდგავარ შუა ქუჩაში და ჩემ ირგვლივ ათასობით ხალხი დგას და მისმენს. ამისი დრო პანდემიამდე არ მქონდა. იყო დღე, რომ ორ და სამ ადგილზე უნდა დამეკრა, ერთი სამსახურიდან მეორეში გავრბოდი, მქონდა საოცრად დატვირთული დღის რეჟიმი. ახლა ეს ნაკლებად მაქვს.

როგორც ვიცი, შენი ინსტრუმენტი დაზიანდა..

დიახ, ჩემი ვიოლინო დაზიანდა. სამწუხაროდ, მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდა. საკუთარი ვიოლინო არ მაქვს..

შენი ოცნება, ვისთან ერთად გსურს სცენაზე დგომა?

დიდად ასე ოცნება არ მიყვარს. უფრო რეალურად მირჩევნია, მაგრამ ვისთან ერთად ვიდგებოდი სცენაზე? დევიდ გარეტი.

რისთვის იბრძვი, რა არის შენი მიზანი?

ვიბრძვი ყოველთვის, თითქმის მთელი ცხოვრება ვიყო იმაზე მეტად თავდაჯერებული, ვიდრე ვარ. ვიყო შემდგარი და სასურველი მუსიკოსი. არ დავკარგო ინდივიდუალიზმი, რაც მაქვს.

ინტერვიუ: ნანკა ქოქიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g