LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადაც არ უნდა წავიდე, ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ“ – ქართველი გოგონას ამერიკული ცხოვრება და ინოვაციური სტარტაპი სან-ფრანცისკოში

968
ქეთა1

ქართველი ანტერპრენერი და სოციალურ ქსელში პოპულარული ჯგუფის „ბიუთი ლაბის“ დამფუძნებელი ქეთა ბაღაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და ახალი პროექტის განსახორციელებლად ემზადება. ქეთა ნიუ-იორკში, „პარსონის უნივერსიტეტში“, The new school-ის მედია სკოლაში მედია ბიზნეს მენეჯმენტის პროგრამის მაგისტრანტია და ამავე უნივერსიტეტში კომუნიკაციების მიმართულებით დასაქმებული სტუდენტების მენეჯერის პოზიციას იკავებს. ამერიკაში მეორედ დაბრუნების, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებისა და უცხოელ პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი პროექტის შესახებ ქეთამ „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

 

ჩემი ქალაქი – ნიუ-იორკი და დაბრუნება ამერიკაში

„ამერიკაში პირველად 2018 წელს ვიყავი, როდესაც „ქინგსის კოლეჯში“ ბაკალავრიატში ვსწავლობდი. მაშინ ისე შემიყვარდა ეს ქალაქი, რომ ჩემი ცხოვრების მიზანი გახდა, უფრო დიდ ასაკში და გრძელვადიანად, უფრო დიდი მიზნებით დავბრუნებულიყავი. 20 წლის ქეთას გონებაში ჩარჩა, რომ ნიუ-იორკი იყო ჩემი ქალაქი და აქ უნდა დავბრუნებულიყავი. დღემდე ერთგული ვარ ამ განცდის და მივყვები მას, რამდენად გაამართლებს არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ამ ერთგულებას ვინარჩუნებ“, – ამბობს ქეთა.

როგორც ახალგაზრდა წარმატებული ქართველი გვიყვება, საქმე, რომელსაც თბილისში აკეთებდა, არ მიუტოვებია და „ბიუთი ლაბს“ დისტანციურად მართავს. ამერიკაში წამოსვლის მთავარი მიზეზი კი, ცოდნის გაღრმავება, ახალი კონტაქტების დამყარება და საკუთარი თავისთვის გამოცდის მოწყობა იყო.

„წამოვედი, რომ გამეკეთებინა მაგისტრატურა და ჩემი ცოდნის ხარისხის ამემაღლებინა, ასევე იმიტომ, რომ ჩემი პროფესიული ცოდნა მომერგო ამერიკული მარკეტისთვის და მენახა, როგორ შეიძლებოდა ჩემი უნარებით, შესაძლებლობებით და ცოდნით, ასევე, აქ მიღებული განათლებით მეთამაშა აქაურ ბაზარზე და ერთგვარი გამოწვევები მომეწყო საკუთარი თავისთვის. მგონია, რომ თუ მუდმივად შენს თავს არ აძლევს შანსს, რომ განვითარდე და უფრო მეტი რესურსი ჩადო საქმის გაკეთებაში, შეიძლება სტაგნაციისკენ წახვიდე. მე მქონდა განცდა, რომ 23-24 წლის ასაკში შეიძლება განვითარების რაღაც საფეხურს მივაღწიე და უკვე მქონდა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. მინდოდა, რომ მეტი სირთულე მიმეცა ჩემი თავისთვის. ამისთვის გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი, თან განათლება მიმეღო, მქონოდა ამერიკული დიპლომი და რაც მთავარია, დიპლომზე მნიშვნელოვანი, რასაც ამერიკული უნივერსიტეტები გაძლევს, არის კონტაქტები. ნებისმიერ საქმეში ძალიან დიდი კომპონენტია ადამიანები, რომლებიც შენ გარშემო არიან, ამიტომ ჩავთვალე, რომ აკადემიური ნაწილიდან ამ ადამიანებთან დაახლოება იქნებოდა ყველაზე ხელსაყრელი გზა“, – გვიყვება ანტერპრენერი.

 

ქართულ-ამერიკული ცხოვრება, დროისა და მანძილის მიუხედავად

ქეთა ამბობს, რომ კურსი, რომელსაც ახლა გადის მის საქმიანობაზეა მორგებული. განათლების მიღებასთან ერთად, ქეთა საქართველოსა და ამერიკაში პარალელურად მუშაობს.

„ბაკალავრიატში ვსწავლობდი მედია და კომუნიკაციების მიმართულებით, ჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული. ჩემს სამაგისტრო პროგრამას მედია ბიზნეს მენეჯმენტი ჰქვია, რაც არის MBA-ს კურსი მედია პროფესიონალებისთვის. ჩემი საქმიანობა არის მედია ტექ. ანტერპრენერშიპი, შესაბამისად, ჩემი კურსი ზუსტად ამაზეა მორგებული, როგორ შეიძლება მედია პროფესიონალები ინტეგრირდნენ ბიზნესში ან ბიზნესი დაიხმარონ თავის სასარგებლოდ. ამიტომ, ზუსტად ისაა, რასაც ვაკეთებდი ბოლო წლების განმავლობაში.

ჩემი ამერიკული ცხოვრება არის ძალიან დატვირთული. ზოგჯერ დილის 6 საათზე მიწევს ადგომა იმიტომ, რომ „ბიუთი ლაბი“ ჯერ კიდევ ძალიან დიდი დოზითაა და იმედია სულ იქნება ჩემს ცხოვრებაში, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. 19 წლის ასაკიდან დავიწყე მისი შენება და მგონია, რომ სულ იქნება ჩემი პრიორიტეტი. დროში სხვაობის გამო, მიწევს დილით ძალიან ადრე გაღვიძება, რადგან მიწევს ჩართვები, მოლაპარაკებები, „ლაივ სტრიმები“. ამის გარდა, ვმუშაობ იმავე უნივერსიტეტში, სადაც ვსწავლობ. სოციალურ მედიაში და კომუნიკაციებში დასაქმებული სტუდენტების მენეჯერი ვარ“, – აცხადებს ქეთა.

 

სტარტაპი ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და დიდი გეგმები

ქეთა პარტნიორებთან ერთად ბოლო ნახევარი წელია ახალ სტარტაპზე – ტექ. კომპანიაზე მუშაობს, რომელიც მალე სან-ფრანცისკოში რამდენიმე თვეში უნდა გაეშვას. აპლიკაცია იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც ემოციური ინტელექტის გაღრმავება სურთ.

„როცა შენს საქმეს და შენს პროდუქტს ქმნი, არ არსებობს დილა, საღამო, რომ მძინავს, მაშინაც ეს მესიზმრება. როცა შენს სტარტაპზე მუშაობ, სულ მუშაობ. დამღლელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის ემოციურად და გონებრივად იმდენად მასტიმულირებელია, რომ პირიქით მსიამოვნებს.

ამერიკის ბაზარზე ვაპირებთ მუშაობას. ჯერ გაეშვება სან-ფრანცისკოში, მერე გადმოვალთ ნიუ-იორკში და ნელ-ნელა მოვიცავთ სხვა შტატებსაც. ძალიან საწყის ეტაპზეა, პროდუქტი ჯერ მზად არ არის, მუშაობის პროცესში ვართ. ეს არის აპლიკაცია, რომელიც იქნება ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ან უნდათ რომ ჰქონდეთ უფრო ღრმა ემოციური ინტელექტი და უნდათ, რომ ერთმანეთთან დაკავშირება და კომუნიკაცია გასცდეს ტოქსიკურ ციკლს, რომელიც ტრიალებს ადამიანების ურთიერთობაში. და ამის მაგივრად, უნდათ იყვნენ ღია ერთმანეთთან და ჰქონდეთ ღია კომუნიკაცია, სადაც შეძლებენ, იყვნენ უფრო ემპათიურები და ერთმანეთს დაეხმარონ, რომ გახდნენ თავიანთი თავის უკეთესი ვერსიები.

ურთიერთობების განათლებას არ ვიღებთ და ამის დიდი ნაკლებობაა. არ ვიცით, როგორი უნდა ვიყოთ ურთიერთობებში. მე არ ვემხრობი იდეას, რომ თუ გინდა კარგ ურთიერთობაში იყო, შენს თავში რამე უნდა შეცვალო. თუმცა, შესაძლებელია, რომ ჩვენი მიზნები შევატრიალოთ და სხვა მხრიდან დავინახოთ მოცემულობა“, – გვიხსნის ქეთა.

 

სიმბოლური შეხვედრა სტუდენტებთან „ქინგსის კოლეჯში“

ქეთა „ქინგსის კოლეჯში“, სადაც წლების წინ თავადაც სწავლობდა, სტუდენტებთან შესახვედრად მიიწვიეს, სადაც მათ საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა. როგორც ახალგაზრდა ბიზნესმენი ამბობს, მისთვის ეს შეხვედრა სასიამოვნო, სიმბოლური და სტიმულის მომცემი იყო, თუმცა არა მოულოდნელი.

როდესაც ბაკალავრიატს ვამთავრებდი „ქინგსის კოლეჯში“ და საქართველოში ვბრუნდებოდი, მაშინ ჩემმა ერთმა ლექტორმა თქვა, ქეთა ისეთი ტიპია, რომ არ გამიკვირდება, რამდენიმე წელიწადში შემთხვევით ნიუ-იორკში ქუჩაში შემხვდესო. ეს რომ თქვა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ თან გავიფიქრე, რომ რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა. ეს ადამიანი ლექციაზე იჯდა იქ, სადაც მე შევხვდი სტუდენტებს. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ მოლოდინი არ მქონდა, რომ წლების მერე იმავე უნივერსიტეტში ლექციებს წავიკითხავდი.

სიმბოლური იყო ეს შეხვედრა ნამდვილად, ძალიან  სასიამოვნოც. ძალიან დაფასებულად ვიგრძენი თავი, რომ ამარჩიეს და მიმიყვანეს და აინტერესებდათ ჩემი გამოცდილების გაზიარება. ძალიან სასიამოვნოა ისიც, რომ სტუდენტები ისე დაინტერესდნენ, კიდევ ნახევარი საათი დარჩნენ და კითხვებს მისვამდნენ, თუმცა ისიც მიკვირს, რომ ჩემს უნივერსიტეტში არ შევდივარ ახლა და სტუდენტებს არ ვუკითხავ ლექციებს სისტემატურად. დარწმუნებული ვარ, ეგეც იქნება. ძალიან დიდი რწმენა მაქვს საკუთარი თავის და ძალიან დიდი მოლოდინი. მგონია, რომ ეგერ უნდა იყოს. მგონია, რომ სწორი დამოკიდებულებაა, რომ რაღაცებზე კი არ ვოცნებობ, ვგეგმავ და მივყვები ამ გეგმას. რაღაცებით აჟიტირებული და აღფრთოვანებული არ ვარ, რომ ეს მოხდა, რადგან მოხდა იმიტომ, რომ ბევრი ვიშრომე და ბევრი რამ ჩავდე ამაში“, – ამბობს ქეთა „ფორტუნასთან“.

 

რთული გზა აშშ-ში და დაბრუნება საკუთარი თავის ამერიკულ ვერსიასთან

ქეთა იმ სირთულეებზეც გვესაუბრა, რასაც ამერიკაში ჩასვლისას წააწყდა. ის, ადამიანებს რომლებსაც მსგავსი გზის გავლა სურთ, ურჩევს, რომ არ შეშინდნენ და მიხვდებიან, რომ საბოლოოდ ყველაფერი გამოუვათ.

„ჩემთვის ძალიან რთული იყო თავიდან ამ გზის გავლა. პირველი რამდენიმე თვე პარალიზებული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, საიდან უნდა დამეწყო. დიდი დრო დამჭირდა, რომ ჩემს თავს დავბრუნებოდი და ჩემი თავის ამერიკულ ვერსიასთან დავახლოებულიყავი. მე ჯერ არ მგონია, რომ წარმატებული ვარ. ძალიან ამბიციური ვარ და ეს არაფერი არ არის. სასაცილოა ამაზე, რომ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ გეგმები ძალიან დიდია, მაგრამ გზაში ვარ და გავდივარ ამ პროცესს.

აქ ვისწავლე, რამხელა მნიშვნელობა აქვს თანმიმდევრულობას. ყოველდღე რომ შრომობ, პატარა კუბიკის დასადებად, რაღაც მომენტში უკან იხედები და ხედავ, რომ დიდი რამ გაქვს აშენებული. ალბათ ყველაზე დიდი, რაც ამ ქალაქს, ნიუ-იორკს აქვს არის ის, რომ ჩამოდიხარ გაშინებს ძალიან, იმიტომ რომ ხვდები, რომ არავინ ხარ. ხვდები, რომ ყველაფერი სხვანაირად მუშაობს, სამართლებრივი, ეკონომიკური საკითხები, ბიუროკრატია თუ სხვა რამ. ყველგან ეჩეხები ამას და თითქოს ხვდები, რომ მთელი სამყარო შენ წინააღმდეგაა, მაგრამ თუ არ შეშინდები ამით და რამდენჯერაც წაიქცევი, იმდენჯერ ადგები, მერე ყველაფერი გამოგდის“, – გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ქეთა.

 

„ძალიან ძვირფასია ჩემთვის ის ყველაფერი, რაც საქართველოშია…“

„სასწავლებლად იმიტომ წამოვედი, რომ მქონოდა აქ ლეგალური სწავლის, მუშაობის და აქ ყოფნის უფლება. შესაბამისად, მინდა, როცა მომინდება, უპრობლემოდ ჩავიდე ჩემს ქვეყანაში. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ოჯახი, ძალიან მენატრება ახლაც. არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამერიკაში უნდა დავრჩე, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის შევძლებ, რომ ჩემი ქვეყნისთვის, რაღაც მინიმალური მაინც გავაკეთო. შეიძლება შენს ქვეყანაში არ იყო, მაგრამ თუ გიყვარს შენი ქვეყანა და თუ გრძნობ მას, ნებისმიერი წერტილიდან შეძლებ, რომ მისთვის სასარგებლო საქმე აკეთო. ზოგჯერ ადამიანებს შორიდან უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ახლოდან. მე ქართულ ბაზარზეც ვაკეთებ საქმეს და თუ შორიდან რამე გამომივა, ეგეც იმას მოხმარდება, რომ ჩემს ქვეყანას სადმე რამეში გამოვადგე.

ჩემმა კურსელებმა მითხრეს ერთხელ, რომ აღფრთოვანებულები არიან იმით, როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა და როგორი ამაყი ვარ ჩემი ქვეყნით. არ აქვს მნიშვნელობა, რა ლექციაზე ვარ და რა თემაზე ვსაუბრობ, ჩვენი ქვეყნის გამოცდილებას აუცილებლად ვახსენებ.

სადაც არ უნდა წავიდე, ძალიან ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ, ძალიან მიყვარს და ძალიან პატრიოტული მოტივები მაქვს ჩემი ქვეყნის მიმართ. როდესაც ჩემს ქვეყანაში რამე ხდება, გული მეგლიჯება, სულ ვამოწმებ ბილეთებს, როდის გამოვიქცე. ძალიან ძვირფასია ჩემთვის ის ყველაფერი, რაც საქართველოშია“, – ამბობს ქეთა ბაღაშვილი „ფორტუნასთან“.