„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის, განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მასშტაბური ხანძარი სავაჭრო ობიექტზე დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტების განზრახ აალებას უნდა გამოეწვია.
ამის შესახებ ფრიდონ სიხუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნას ცოტა ხნის წინ გაეცნო.
„საქმის მასალებიდან, რაც დადასტურებულად ჩანს, არის ის, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო. ამაზე ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით. ეს ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებით არის გამყარებული, რომ იქ სახანძრო უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული. ახლა უკვე გავეცანი ექსპერტიზის დასკვნას – ექსპერტი პირდაპირ საუბრობს, რომ, დაახლოებით, 83-დან 90 კგ–მდე ნავთობპროდუქტებზე უნდა მომხდარიყო განზრახ ცეცხლის წაკიდება, რომ ამ მასშტაბის ხანძარი გამოეწვია. იქ უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო. დაცული რომ ყოფილიყო, მსაგავსი რამ არ მოხდებოდა, დაცვაც შეტყობინებას თავის დროზე მიიღებდა და შესაბამისი რეაგირებაც მოხდებოდა. ამიტომ ის, რომ ადმინისტრაცია ვალდებული იყო, უსაფრთხოების წესები ჰქონოდა დაცული, ეს ექსპერტიზის მიერ დადასტურებულია,’’ – განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა.