LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთან ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ცუდად მოხსენიება სასამართლომ ძალადობად აღიარა

1352
zaladoba

სააპელაციო სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იუწყება.

ორგანიზაციის ცნობით, მათ  სამართლებრივი დახმარების მიზნით მიმართა დედამ, რომლის გადმოცემითაც, ბავშვების მამამ იგი შვილებთან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც ისინი იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები. დედამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შეატყობინა სოციალურ სააგენტოს ფსიქოლოგთან დასაკავშირებლად. ბავშვები სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს, რა დროსაც, მათ დაადასტურეს მამის ნათქვამი.

“მომხდარის შემდეგ, მამამ კიდევ წაიყვანა ბავშვები და უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოებთან სიმართლეს იტყოდნენ, დედა და მამა ერთად ვეღარ იქნებოდნენ და საქმე კიდევ უფრო გართულდებოდა. დედის თქმით, ბავშვები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ნერვიულობდნენ, რაც გამოიხატებოდა უძილობაში, მუდმივად დაძაბულ და გაღიზიანებულ მდგომარეობასა და შიშში. აღნიშნულის საფუძველზე, დედამ მოითხოვა მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა,”- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა გამოსცა კიდეც შემაკავებელი ორდერები. მამის მხრიდან საქალაქო სასამართლოში შემაკავებელი ორდერების გასაჩივრების შემდეგ კი, პირველმა ინსტანციამ გააუქმა გამომძიებლის მიერ გამოცემული ორდერები.

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გაიზიარა ორგანიზაციის იურისტების პოზიცია, მიიჩნია, რომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა შსს-ის გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g