სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში ხორცისა და ყველის ეტიკეტირების შემოწმებას ააქტიურებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები თბილისის აგრარული ბაზრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები გააცნეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ბიზნესოპერატორების მხრიდან ახალი რეგულაციების შესრულებასა და სურსათის ეტიკეტირების მოწესრიგებაზე.
„მნიშვნელოვანია, აგრარულ ბაზრებში დაცული იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და სურსათის უვნებლობის სტანდარტები. სააგენტოს მოვალეობაა სასურსათო ჯაჭვის სრულად გაკონტროლება; მაღალი რისკის სურსათის – ხორცის და ხორცპროდუქტების, რძის და რძის პროდუქტების, მათ შორის ყველის ეტიკეტირების მონიტორინგი და დახლზე განთავსებული მალფუჭებადი სურსათის შესაბამისობის დადგენა ტექნიკურ რეგლამენტებთან, რაც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტექნიკური რეგლამენტი „საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. რეგლამენტი განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებას და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს, ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და ა. შ. 2015 წლის 1-ელი აგვისტოდან კი ძალაში შევიდა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს ეტიკეტზე პროდუქტის დასახელებასთან ერთად მწარმოებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საწარმოს აღიარების ნომერი), პროდუქციის შემადგენლობის, სტანდარტის ნომრის, დამზადების თარიღის, ვარგისიანობის ვადის, შენახვის პირობების, ენერგეტიკული ღირებულებისა და მასის მითითებას.
ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორების ინფორმირებას და მათთან აქტიურ თანამშრომლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.