LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბებიას, რომელმაც ლაგოდეხში ბავშვები დააჩოქა, გირაო შეეფარდა

343
ბებია 44

მოსწავლეების მუხლებზე დაჩოქებისა და თანაკლასელებისთვის ბოდიშის იძულებით მოხდის ფაქტზე, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვნების საქმეზე ბრალდებულ ბებიას გირაო შეეფარდა.

ბებიას ჩადენილის საფასურად 4 ათასი ლარის ოდენობით გირაოს  გადახდა მოუწევს.

მორიგი სასამართლო პროცესი 14 მასისს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.

ამის შესახებ ცნობილი გახდა მ.კ-ს ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც 8 ნოემბერს, მ.კ-ს ბებიამ, ვ.კ.-მ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანი – ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა. ამას კი, ვიდეოზე იღებდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობელი.

პროკურატურამ ვ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა. ამ მუხლის განმარტება ასეთია: „ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ“.

დანაშაული 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სამართლებრივი გადაწყვეტილება ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიღება.

თავად ბებია, არ აღიარებს ჩადენილს და ამბობს, რომ სიმერთლე აუცილებლად გაირკევა და სანთელ-საკმელი თავის გზას არ დაკარგავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g