„მოპარული სილამაზე“ (Stealing Beauty, 1995) – ბერტოლუჩის დრამამ, რომელიც „ოქროს პალმის რტოს“ ნომინაციასთან ერთად უამრავი პრესტიჟული პრემიაც დაიმსახურა, ტოსკანას არაჩვეულებრივი პეიზაჟების ფონზე მოუთხრო მაყურებელს ლუსი ჰერმანის იტალიურ არდადეგებზე. მართალია, გოგონა მხოლოდ დაკარგული მამის პოვნას ცდილობს, მაგრამ ბერტოლუჩის სხვა ფილმების მსგავსად „მოპარული სილამაზის“ მთავარი თემაც პიროვნულ ზრდასა და წარსულთან დამშვიდობებას ეხება.
„ჩემი სიყვარულის ზაფხული“ (My Summer of Love, 2004) – პაველ პავლიკოვსკის ინგლისურმა დრამამ BAFTA-ს პრემია დაიმსახურა, მაყურებელი კი, მოზარდი გოგონების ინგლისური არდადეგებითა და თავგადასავლებით მოხიბლა, რომლებიც ყოველ ახალ დღეში ცხოვრების აზრის მოძიებას ცდილობენ.
„საიდუმლო ვნება“ (Adore, 2013) – ავსტრალიის სანაპირო და სიყვარულის დრამატული ისტორია – იდეალური შემადგენელია ფილმისთვის, რომელშიც მთავარი როლები რობინ რაიტმა და ნაომი უოტსმა შეასრულეს. საინტერესოა, როგორ დასრულდება ორმაგი რომანი, როცა მისი მთავარი მოქმედი გმირები დედები და შვილები არიან?!
„დიდი შხეფები“ (A Bigger Splash, 2015) – ჟაკ დერეს „აუზით“ შთაგონებულმა ლუკა გუადანინომ ბოლო წლების ერთ-ერთი ულამაზესი ფილმი გადაიღო, რომლის მოქმედება იტალიური კუნძულის პანტელერიას ფონზე ვითარდება.
„პარიზი მოიცდის“ (Paris Can Wait, 2016) – ელინორ კოპოლას ფილმი მათთვისაა, ვისაც ფრანგულ პროვანსში უნდა არდადეგების მოწყობა. ფილმის მოქმედება რივიერას ქალაქების არაჩვეულებრივი პეიზაჟების ფონზე ვითარდება, მთავარი გმირი კი, ახალგაზრდა ქალია, რომელიც კანიდან პარიზში მოგზაურობისას კომპანიონად მეუღლის საქმიან პარტნიორს ირჩევს და წარმოდგენაც არ აქვს, რომ ორდღიანი შვებულება მთელ მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.
„მონანიება“ (Atonement, 2007) – ჯო რაიტის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ სიყვარულის ისტორიაში მთავარი როლები არაჩვეულებრივმა კიარა ნაითლიმ და ჯეიმს მაკევოიმ შეასრულეს, რომელთაც ომმა წაართვა ყველა იმედი და ოცნება.
„მედისონის ოლქის ხიდები“ (The Bridges of Madison County, 1995) – ჰოლივუდის ოქროს ფონდში შესული ფილმი – სიყვარულის ისტორიაა, რომელიც რადიკალურად ცვლის მთავარი გმირების ცხოვრებას. ამერიკული პროვინციის ბინადარი ფრანჩესკა შემთხვევით ეცნობა პატარა ქალაქში ჩასულ ფოტოგრაფს, ვისთანაც ხანმოკლე, თუმცა დაუვიწყარ რომანს აბამს.