განახლებადი ენერგიის ათვისება BGEO GROUP-ის პრიორიტეტია და ჯგუფის გენერალური დირექტორი ამ მიმართულებით მასშტაბურ ინვესტიციებს აანონსებს.
ირაკლი გილაური ამბობს, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი, რაც მნიშვნელოვანია როგორც ენერგიის შიდა მოხმარების უზრუნველყოფისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგანაც შესაძლებელია ამ გზით გამომუშავებული ენერგიის ექსპორტზე გატანა.
BGEO -ს განახლებადი ენერგიის პლათფორმაზე ირაკლი გილაურმა მესტიაში ჰესების კასკადის მშენებლობის დაწყებისას ისაუბრა, აღნიშნა, რომ ჰესები „მესტიაჭალა 1/2“ ამ პლატფორმის ნაწილია, რომელიც ჯამში 100 მგვტ-ზე მეტი საშუალო ზომის ჰესების და 20-20 მგვტ სიმძლავრის მქონე ქარისა და მზის ელექტოსადგურების მშენებლობას ითვალისწინებს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში დიდი პოტენციალია ქარისა და მზის ენერგიის კუთხით. საერთო ჯამში, „ბიჯეო“ ჯგუფი შემდეგი 5-დან 7 წლის განმავლობაში, მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, სწორედ ენერგეტიკის სფეროში“-განაცხადა „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
აღსანიშნავია, რომ სვანეთში ჰესების მშენებლობაში 65 მლნ დოლარი დაიხარჯება.