LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ განახლებადი ენერგიის აუქციონში გამარჯვებული კიდევ ექვსი პროექტი დაამტკიცა

124
დავითა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულებები დაამტკიცა. ამ საკითხზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა და ზოგადად, განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისების მექანიზმების შესახებ მედიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. კონკრეტულად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხელშეკრულება დამტკიცდა ექვს პროექტზე, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ; გამომუშავება 71 მლნ კვტ სთ-ს, ინვესტიციის მოცულობა კი 26,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

„თითქმის ერთი წელი ვიმუშავეთ საერთაშორისო პარტნიორებთან – პროცესში ჩართული იყო როგორც მსოფლიო ბანკი, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რათა ისეთი მექანიზმი მოგვეფიქრებინა, რომლითაც პროექტები გამჭვირვალედ შეირჩეოდა, ამასთან, კონკურენციის პირობებში ისეთი ფასები განისაზღვრებოდა, რომლებიც სამართლიანი იქნებოდა როგორც ინვესტორებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი გაზაფხულზე წარმატებით ჩატარდა და მასში კერძო სექტორის მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიხატა – წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე. სულ 27 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა, ისინი საქართველოში 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ეს 27 სადგური, ამოქმედების შემდეგ ყოველწლიურად, ჯამურად 1,1407 მლრდ. კვტ სთ. ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

„ეს არის მხოლოდ პირველი აუქციონის შედეგები, რასაც კიდევ რამდენიმე აუქციონი უნდა მოჰყვეს იმისთვის, რომ ახალი პროექტები შეირჩეს. ვფიქრობ, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

დარჩენილი, დასამტკიცებელი პროექტების შესახებ საქართველოს მთავრობა შემდგომ სხდომებზე იმსჯელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები