15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან, სავარაუდოდ, თავის მოკვლის მიზნით გადმოხტა, მეექვსე დღეა რეანიმაციაშია. მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.ოჯახი ეჭვობს, რომ სუიციდის მცდელობა სამათალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგია.
მოზარდის სუიციდის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტი, სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“მეორე დღეა ვისმენ და ვკითხულობ დავარცხნილ-დამწუხრებულ განცხადებებს მეცხრე სართულიდან გადამხტარი 15 წლის ბიჭის “საქმეზე” და მეორე დღეა არ მცილდება სიბრაზე და გაოგნება. ფაქტი არის ურყევი – ბიჭმა დიდი ასოებით, წითელი საღებავით დაწერა – დაგვიწერა – რომ რაღაც უჭირდა, რომ ნაწყენი იყო, გულნატკენი, გაბრაზებული. და ამ ბიჭის სასოწარკვეთა ვერავინ დაინახა – ვერც სკოლამ, ვერც მასწავლებლებმა, ვერც პოლიციამ და ვერც მთლიანად სახელმწიფომ. პირიქით, დაუმატეს, დააშინეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
ამ ცხოვრების დედაც - სოლიდარობის აქცია წარწერებით 15 წლის მოზარდისთვის, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა (ფოტოები)
თბილისის ქუჩებში სოლიდარობის წარწერები გაჩნდა.
გასაგებია, რომ ყველაფერი ცუდად დაემთხვა – სკოლას შეეშინდა და პოლიციას მოუხმო, ემანდ “ბომბი” არ იყოს დამონტაჟებული ჩვენს “კერძო საკუთრებაშიო”; პოლიციამაც ისე იმოქმედა, როგორც მოქმედებს ხოლმე და ისედაც შფოთიანი მოზარდი ბოლომდე ჩააგდო სასოწარკვეთაში. ცუდად დაემთხვა, მაგრამ ახლა, როცა შედეგი ვიცით, როცა სკოლამაც გაიგო “ტერორისტის” ვინაობა (სკოლამ ეს თვითმკვლელობის მცდელობამდეც გაიგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია) და პოლიციაც ხედავს თავისი ნამოქმედარის შედეგებს – რა დასკვნა გამოგვაქვს ან ჩვენ ან სახელმწიფოს? მხოლოდ გულგრილი განცხადებები – “სკოლა ვალდებული იყო რომ…”, “მოზარდი ჩვენს სკოლაში აღარ სწავლობდა…” “თვითმკვლელობამდე მიყვანის საკითხზე დაწყებულია გამოძიება…” ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მხოლოდ გულგრილობა და პასუხისმგებლობის აცილება.
არადა ეს ბიჭი კრებითი სახეა დაბნეული, გაბრაზებული და გულნატკენი თინეიჯერების, რომლებსაც უფროსების მადლით სიძულვილით და აგრესიით დამუხტულ კლიმატში უწევთ ცხოვრება. ხვალ და ზეგ რომ კიდევ აიღებს პულვერიზატორს 15 წლის ბიჭი და კიდევ დაწერს “ამ ცხოვრების დედაცო”, მასაც ასე ვუკრავთ თავს პოლიციაში და მერე ყველა ხელს დაიბანს, “ვწუხვართ, მაგრამ” ინტონაციით. არანაირი თანაგრძნობა, გამოსავლის ძიება, არანაირი სოციალური სამსახურები თუ სოლიდარობა. მაშინ ნუ გვიკვირს ხელისუფლებების სადიზმიც, “სახელმწიფო შედგა” პათოსით. ზუსტად იგივე განწყობის გაგრძელებაა ესეც.
მართლა გულისმომკვლელია ამის ყურება და ბოდიშს ვიხდი ემოციებისგან თუ ვერ გავფილტრე პოსტი. sorry, we missed you – ამ ფილმის სათაურის მეტი არაფერი მაფიქრდება იმ ბიჭისთვის სათქმელად”
პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა – შსს მოზარდზე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა
მომხდარი “მწვანე სკოლაში” კედლებზე გაკეთებულ წარწერებს უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების მხრიდან ზეწოლის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მოზარდი გამოძიებას მშობლების გარეშე არ დაუკითხავს.
საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო. პარალელურად საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომებზეც.