LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა – შსს მოზარდზე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

197
917359896

ჩვენი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განაცხადა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა, თუმცა იმ კითხვებს, რაც დღეს არსებობს საზოგადოებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი ექნება გაცემული. ამასთან, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოთხოვნილი მასალა ჩვენს მიერ უკვე მიეწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს“, -განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ნინო ცაციაშვილმა პოლიციის განყოფილებაში მოზარდის გამოკითხვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მწვანე სკოლის დირექტორი მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ეხმაურება

„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი ბაკურ სულაკაური მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს სოციალუირ ქსელში ეხმაურება.

„გიდასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ დაახლოებით 3-4 წუთი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე გაესაუბრა არასრულწლოვანს. აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა გამოკითხვის დაწყებამდე და რეალურად, აღნიშნული ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ არასრულწლოვანს მოუვიდა უთანხმოება დედასთან, იყო გარკვეული დაძაბულობა და ამ სიტუაციის განტვირთვის მიზნით მოხდა მასთან მხოლოდ 3-4 წუთი კომუნიკაცია. ამასთან მინდა, აღვნიშნო, რომ სხვა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება არასრულწლოვანთან მხოლოდ გამომძიებლის მონაწილეობით არ ჩატარებულა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თუნდაც პირველადი დაბარება მოხდა მხოლოდ მშობლის საშუალებით“,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხაზგასმით აღნიშნა რომ, გამოკითხვისას მოზარდი როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს მშობელთან ერთად იმყოფებოდა:

„როგორც პირველ დღეს, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან ხორციელდებოდა მხოლოდ მშობლის თანდასწრებით და გამოკითხვის პროცესში სრულად მონაწილეობდა პირველ დღეს არასრულწლოვნის დედა. რაც შეეხება არასრულწლოვნის ძმას, მას არანაირი შეხება არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან, შესაბამისად, მასთან რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ ყოფილა“,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “მწვანე სკოლის” ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა 12 დეკემბერს დიღმის მასივში მოხდა. მას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს, 112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.

არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, ამ დროისათვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები