„ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და სერიოზული რესურსი დააკლდა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს“, – ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას გააკეთა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა, მათ შორის მმართველი გუნდის 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა და თქვა, რომ „შეთანხმების ანულირებულად გამოცხადება მათი მხრიდან უალტერნატივო ნაბიჯი იყო“.
„რა თქმა უნდა რთული წელი იყო. რთულთან ერთად ძალიან საინტერესო – ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და სერიოზული რესურსი დააკლდა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ამას დაახლოებით ერთ თვეში დაემატა ის, რომ შეიქმნა არაორდინალური ვითარება, როდესაც იმის გამო, რომ კანონი ყოფილიყო აღსრულებული, პრემიერ-მინისტრმა დატოვა პოლიტიკა.
ჩვენ ვიმოქმედეთ ხალხისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და სწორედ ამ განზრახვით მოვაწერეთ ხელი აპრილის შეთანხმებას. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე შევასრულებდით ამ შეთანხმებას პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო. 100 დღის განმავლობაში ველოდებოდით მთავარ ოპოზიციურ პარტიას და დამატებით 3 ბარიერგადალახულ პარტიას, რომ ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე, რაც არ გააკეთეს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ამ შეთანხმების ანულირებულად გამოცხადება ჩვენი მხრიდან იყო უალტერნატივო ნაბიჯი“, – აღნიშნა კობახიძემ.
მან ასევე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებამ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია გაზარდა.