„ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტია განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება ახალ გამოწვევებს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„ჩვენი ყოველი ნაბიჯი ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურება, ჩვენი ყველა გადაწყვეტილება საქართველოს წინსვლას ემსახურება, 2012 წლიდან ჯერ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და ბოლოს ჩემი გადაწყვეტილებების მიღებისას პრიორიტეტი ყოველთვის ადამიანის სიცოცხლის დაცვა, გამოხატვის თავისუფლების დაცვა იყო. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული საგარეო პოლიტიკის შედეგია ვიზალიბერალიზაცია , რომელიც შესაძლებლობების ფართო სპექტრს სთავაზობს მოქალაქეებს, უკვე შემუშავებულია ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი გეგმა, რომელიც თანამშრომლობის ახალი მექანიზმების მაქსიმალურ გამოყენებას გულისხმობს. წარმატებით მიმდინარეობს ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. დღეს ყრილობა ირჩევს ახალ თავმჯდომარეს. ბიძინა ივანიშვილთან ერთად პარტია განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება ახალ გამოწვევებს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.