საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისა და აბონენტებთან წერილობითი ხელშეკრულებების გაუფორმებლობის გამო, შპს „მობიტელს“ 30 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით მარტივი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ერთიანი მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანია SIGOS-ის მიერ წარმოდგენილი სატესტო ზარების შესახებ ინფორმაციის ანალიზიდან გაირკვა, რომ შპს „მობიტელის“ სატელეფონო ნომრებიდან ხორციელდებოდა საერთაშორისო ზარებზე „ა“ ნომრის ცვლილება ადგილობრივი ნომრებით, საიდანაც, როგორც სატესტო, ასევე სხვა ზარები სრულდებოდა მხოლოდ შპს „მობიტელის“ ქსელში. კომისიამ კომპანიას მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი სატელეფონო ნომრების მფლობელ აბონენტებთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების ასლების წარმოდგენა მოთხოვა. შპს „მობიტელის“ მიერ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებებიდან უმეტესობა გაფორმებული იყო სათანადო წესის დარღვევით, ხოლო ნაწილ სააბონენტო ნომრებზე კომპანიამ ხელშეკრულებები ვერ წარმოადგინა.
საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისა და აბონენტებთან წერილობითი ხელშეკრულებების გაუფორმებლობის გამო, კომისიამ შპს „მობიტელს“ 30 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.