LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დადგენილების პროექტი წარედგინება, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს

126
Untitled design

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ, 4 სექტემბრის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი წარედგინება, რომელიც შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების, მასზე რეაგირების, ცალკეული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შემდეგი საკითხები უნდა გამოიკვლიოს:

„რატომ არ არსებობდა მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ტრაგედიის ადგილას განვითარებული პროცესების პროგნოზირება და მოსახლეობის დროული გაფრთხილება – მათ შორის, განგაშის სისტემა (Alarm System), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების გაფრთხილება და დროული ევაკუაცია.

2018 წლის 27 თებერვალს, საქართველომ მიიღო 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მრავალმხრივ კლიმატურ საფრთხეებთან დაკავშირებული რისკების შემცირების, პრევენციისა და მზადყოფნის სისტემის უზრუნველსაყოფად.

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიკვლიოს, აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები. ასევე, კონკრეტულად რომელ მაღალმთიან რეგიონში დამონტაჟდა ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები და მომზადდა თუ არა გეოლოგიური საფრთხეების ამსახველი შესაბამისი რუკები ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვის მიზნით. სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან ერთად, საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს რამდენად მართლზომიერად განკარგავდა ადგილობრივ ბიუჯეტს ონის მუნიციპალიტეტი.

შოვში მეწყრული პროცესი 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15.00 საათზე განვითარდა. საჯაროდ არსებული ინფორმაციის და თვითმხილველების განმარტების თანახმად, სამაშველო სამუშაოები შესაბამისმა სამსახურებმა სამი საათის დაგვიანებით დაიწყეს. საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი და გამოკვეთოს პასუხისმგებელ პირთა წრე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შოვში განვითარებული კატასტროფის საპასუხო სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმართვისას, ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოებისთვის დახმარების თხოვნის აუცილებლობა ვერ დაინახა. კომისიამ უნდა შეისწავლოს, რა კონკრეტული ღონისძიებების და მათი ცალკეული თუ ერთობლივი ეფექტიანობის შეფასებით მიიღეს შესაბამისმა თანამდებობის პირებმა აღნიშნული გადაწყვეტილება.

დადგენილების პროექტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგანი უნდა გახდეს: – მიმდინარეობდა თუ არა სტიქიური უბედურების ზონაში ან მიმდებარედ ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა, რასაც შესაძლებელია დაეჩქარებინა მეწყრული პროცესების განვითარება;

რა სახის სამშენებეო ნებართვები გაიცა სტიქიის ზონაში ან მიმდებარედ და ჩატარადა თუ არა კომპლექსური კვლევები გეოლოგების და შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით ნებართვების გაცემამდე, გარემოზე ზემოქმედების ჯეროვანი შესწავლის და რისკების აღმოფხვრის მიზნით;

აწარმოებდნენ თუ არა დაკვირვებას სპეციალისტები მყინვარ „თბილისა“-სა და „ბუბა“-ზე, რომლებიც დარგის სპეციალისტების მტკიცებით, აქტიური ლღობის პროცესშია და ხდებოდა თუ არა ლღობის პროცესის ზეგავლენის მონიტორინგი მდინარე „ბუბა“-ზე;

არსებობდა თუ არა ონის მუნიციპალიტეტში “მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი” – დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, მოსალოდნელი შედეგების, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგანგებო სიტუაციის პრევენციისათვის განხორციელებული საქმიანობის შეფასებისა და მის მიერ საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციას. თუ აღნიშნული დოკუმენტი არსებობდა, რა ღონისძიებები გატარდა საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ან მასზე რეაგირების ფარგლებში;

რა მდგომარეობაშია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო აღჭურვილობა და რამდენად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან;

რატომ თქვა უარი სახელმწიფომ 2015 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გრანტით გამოყოფილ ორ სამძებრო-სამაშველო ვერტფრენის (“HUEY II”-ის) შესყიდვაზე;

აღმოუჩინეს თუ არა შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა დაზარალებულებს და მათ ოჯახის წევრებს ფსიქო-სოციალური დახმარება კატასტროფის შედეგად მიღებული ზიანის შემცირების მიზნით“, – ნათქვამია პროექტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები