საქართველოს საელჩოებში სექტემბრიდან ეკონომიკურ ატაშეებს დანიშნავენ. როგორც ეკონომიკის სამინისტროდან „ფორტუნას“ აცნობეს, ამ ეტაპისათვის დასრულებულია ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტა და მალე კონკრეტულ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდება.
როგორც „ფორტუნასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, თავდაპირველად ატაშეები მხოლოდ რამდენიმე საელჩოსა თუ საკონსულოში დაინიშნებიან, თუმცა სამომავლოდ მათი რაოდენობა გაიზრდება.
„ფორტუნასთან“ ინტერვიუში კომპანიიდან – „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, რომ კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე განაწილდებიან შემდეგ ქვეყნებში: გერმანიაში, დიდ
ბრიტანეთში, თურქეთში, აშშ-ში, Gulf-ის ქვეყნებსა და ჩინეთში. მათივე ცნობით, აღნიშნული ქვეყნები შეირჩა შემდეგი 3 კრიტერიუმის მიხედვით:
- სტრატეგიული პარტნიორობა;
- ეკონომიკური საქმიანობა;
- თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.
პროგრამის ფარგლებში ხელი შეეწყობა ქართული პროდუქციის მონაწილეობას უცხოურ გამოფენებსა და ბაზრობებში. ატაშეები უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ამგვარად, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება შეეძლებათ.
