ბიზნეს სახლის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდება. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გამოსცა. 71.6-მილიონლარიანი ტენდერი თავდაპირველად ნოემბრის ბოლოს გამოცხადდა, მისი შეწყვეტის მიზეზებს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტავს.
“მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, თბილისში, ბიზნეს სახლის მშენებლობასთან დაკავშირებულ ელექტრონულ ტენდერს დაუყონებლივ გამოაცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყება – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „მომსახურების ბიუროს“ დაევალა ბიზნეს სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული უკვე გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტა, თუმცა წინადადებების მიღება დამთავრდა 19 დეკემბერს და ვინაიდან კომპანიების მხრიდან დაფიქსირებული არ იყო დაინტერესება, ტენდერი გამოცხადდა არშემდგარად. გაცნობებთ, რომ „ბიზნეს სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად შეუფერხებლად და გამჭვირვალედ. ყველა იმ კომპანიას, რომელსაც სათანადო გამოცდილება აქვს მსგავსი ფუნქციური დანიშნულების ობიექტის ასაშენებლად, შექმნილი აქვს ღია და კონკურენტული პირობები”,- ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.