ახალი წლის შემდეგ თამბაქოზე ფასმა უკვე მეორედ მოიმატა. მიზეზი კი, პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც ფილიტრიანი და უფილტრო სიგარეტის მწარმოებლებს აქციზური და ადვალური გადასახადები გაეზარდათ. შედეგად კი მივიღეთ, რომ დღეს ბაზარზე იაფი სიგარეტი რეალურად აღარ არსებობს. საბოლოოდ სიგარეტის ფასი ერთი ლარით უკვე გაიზარდა, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ფასის კიდევ მომატებას არ გამორიცხავენ.
პარლამენტში მიღებულ კანონს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ხსნიან. კანონმდებლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი, თამბაქოს მოხმარების შემცირება და მოსახლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში სიგარეტზე ფასის ზრდის გამო მწეველთა რაოდენობა არ შემცირებულა.
პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს უარყოფითად აფასებენ კერძო სექტორში. როგორც რადიო „ფორტუნას“ შპს „ფილიპ მორის საქართველოში“ განუცხადეს, სახელმწიფოს მხრიდან ნაჩქარევად და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გარეშე მიღებულმა კანონმა, არა მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრია, არამედ ზოგადად, სხვა ბიზნესებიც აზარალა.
„ფასის მატებასთან დაკავშირებით ცალსახაა, გასაგებია, რომ თამბაქო არის სენსიტიური პროდუქტი და შესაბამისად, რეგულაციები უნდა ვრცელდებოდეს, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ეტაპობრივად და არა 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, ერთ დღეში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სერიოზულ ზარალს აყენებს თვითონ ინდუსტრიას ყველანაირი კომუნიკაციისა და კონსულტაციების გარეშე. ფაქტია, რომ პირდაპირ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს, როდესაც გვაცნობეს, რომ 30%-ით იზრდება აქციზური და ადვალური გადასახადი იმპორტირებული თამბაქოსთვის. ეს არა მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიისთვის, არამედ ზოგადად, ბიზნესისთვის საკამოდ ცუდი გზავნილია, სტაბილურობის განცდას გაკარგვინებს ამ შემთხვევაში,“ – განაცხადა კომპანიის კორპორატიული განყოფილების ხელმძღვანელმა ნონა მამულაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.
უარყოფითად აფასებენ სიგარეტზე აქციზის ზრდას საექსპერტო წრეებშიც. “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით სახელმწიფომ შავი ბაზრის გაჩენას ხელი პირდაპირ შეუწყო.
„როდესაც ჩვენ ბაზარზე ასეთ დონეზე ვაძვირებთ აქციზს, აქ წარმოიშვება ორი რისკი. პირველი – ეს არის კონტრაბანდული რისკები, რომელიც თავის მხრივ, მნიშველოვან პრობლემებს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას და ქვეყნის ბიუჯეტს. ამის ნათელი მაგალითია, როდესაც აქციზის პირველი მასიური გაძვირებები დაიწყო, ამ პერიოდში არა მხოლოდ თამბაქოს, არამედ ნავთობ-პროდუქტების აქციზიც გაიზარდა. მთავრობა ყველა პროდუქტიდან ბიუჯეტში გაზრდილ შემოსავლებს ელოდა და მან მიიღო კიდეც გაზრდილი შემოსავალი ყველა პროდუქტიდან, გარდა თამბაქოსი. მთავრობამ აქციზის გაზრდის შემდეგ უფრო ნაკლები შემოსავალი მიიღო თამბაქოდან, ვიდრე ამას ელოდა. ამას, რა თქმა უნდა, თავისი გამომწვევი ფაქტორები აქვს. ეს არის შავი ბაზარი, რომელიც აქტიურად არის გაზრდილი. მაგალითად, ოკუპირებულ საზღვართან მდებარე ადგილებში, სამაჩაბლოში და ა.შ. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ თამბაქოს სარეალიზაციო ადგილს, სადაც ჩვეულებრივი ლეგალური და აქციზური თამბაქოს დახლებს ქვემოთ არ იდოს არალეგაური თამბაქო. ასევე, გადავხედოთ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებს, 2017 წელს 2014 წელთან შედარებით, 48-ჯერ არის კონტრაბანდული თამბაქოს შემოდინება ქვეყანაში გაზრდილი. გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ის რაოდენობა, რაც შემოსავლების სამსახურმა გამოავლინა. რაც ვერ გამოავლინა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. სწორედ ასეთ რეალობაში, ამ კანონის დადებით ასპექტებზე საუბარი ცოტა რთულია,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ პაატა ბაირახტარი.
მისივე თქმით, კანონის იდეა, შეემცირებინათ მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარება, არ გამრთლდა და პირიქით, მწეველმა ადამიანებმა უფრო დაბალხარისხიანი ე.წ. გადასახვევი თუთუნის მოხმარება დაიწყეს.
„მეორე საკითხია უშუალოდ ის ნარატივი, რომელიც გასდევს ამ ინიციატივას და რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ინიციატივის ავტორები. ეს არის თამბაქოს მოხმარების შემცირება და ამის შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება. საერთაშორისო პრაქტიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ ძალიან უცნაურ რამეს, თამბაქოზე აქციზის გადასახადის გაზრდა და თამბაქოს გაძვირება მოხმარების თვალსაზრისით, მის მოხმარების შემცირებას კი არ იწვევს, არამედ პირიქით, მომხმარებელი გადადის უფრო დაბალხარისხიან თამაბქოზე. რა მოხდა ჩვენს რელობაში, გვაქვს ორი რეალობა, პირველი არადეკლარირებული თამბაქო და მეორე, მომხარებელთა დიდი ნაწილი გადავიდა უფილტრო სიგარეტზე. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოწევას თავი კი არ დაანება, არამედ ე.წ. გადასახვევი თუთუნის მოხმარებაზე გადავიდნენ, რაც კიდევ უფრო დაბალი ხარისხის არის და თუ ჩვენ ამ მიმართულებით ადამიანის ჯანმრთელობაზე ვაკეთებთ აქცენტს, მაშინ ამ შემთხვევაში, ეს ყოველგვარ აზრს მოკლებულია,“ – განმარტავს პაატა ბაირახტარი.
ნაჩქარევ და გაუაზრებელ კანონს უწოდებს ეკონომისიტი ზვიად ხორგუაშვილი თამბაქოს აქციზზე ფასის ზრდას. მისი თქმით, როდესაც კანონმდებლები ქვეყანაში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ, წინასწარ უნდა წარმოადგინონ, რომელ სამედიცინო ან ეკონომიკურ კვლევას ეყრდნობა ეს ცვლილება და რამდენად იქნება ის ქვეყნის მოსახლეობისთვის სიკეთის მომტანი.
„ეკონომიკურად თამბაქოზე მოთხოვნა არაელასტიურობით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასის მკვეთრ ზრდასთან ერთად, მოხმარება მცირდეით იცვლება, ანუ რეალურად ის მიზანი, რომ დაიკლებს მწეველთა რაოდენობა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მომხმარებელი ამ პროდუქტს არ ეშვება, მაგრამ ვინაიდან ბიუჯეტი შემოსაზღვრული აქვს, ამცირებს სხვა პროდუქტებზე მოთხოვნას, როგორიც არის თუნდაც საკვები, სასმელი, დასვენება, გართობა, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ორმაგად ზარალდება და ჯაჭვურად გარკვეულ სხვა სექოტრებსაც ეხება ეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ პროდუქტებზეც, რომელიც ელასტიურობით გამოირჩევიან, მცირდება მოთხოვნა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება არანაირ სამედიცინო თუ ეკონომიკურ კვლევას არ ეყრდნობა. არანაირი კვლევა არ არის გაკეთებული, უბრალოდ, თავისი სუბიექტური ხედვების შესაბამისად ზრდიან გადასახადებს, შემოაქვთ რეგულაციები, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.”- განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში.
სიგარეტზე ფასის მატებამ უკმაყოფილობა გამოიწვია თავად მომხმარებლებშიც.
„ჩემს გარშემო არავის და მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, არ დამინებებია თავი მოწევისთვის, უბრალოდ გადასახვევი თამბაქო ვიყიდე, რომელიც უფრო იაფი მიჯდება და შესაბამისად, უფრო ცუდი ხარისხსი აქვს. ჩემი აზრით, არასერიოზულია ფასის ზრდა იმ მიზეზით გავამრთლო, თითქოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ, რადგან ამ შემთხვევაში, პირიქით, უფრო ცუდს ვეწევით,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა თამბაქოს მომხმარებელმა, გიორგი ფარეშიშვილმა რადიო „ფორტუნასთან“.
თამბაქოს ერთ-ერთმა მომხმარებელმა გიორგი ჩინჩლაძემ კი, საკუთარი დამოკიდებულება სიგარეტზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაავრცელა.