LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბიზნესებს არეგისტირებენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და რა რისკები ჩნდება ქვეყანაში

879
fortuna.ge (72)

უკრაინა ისევ გარდაცვლილებს ითვლის, ისევ უდანაშაულო ქალებსა და ბავშვებს გლოვობს, პარალელურად მსოფლიო კიდევ უფრო აღფრთოვანებულია ზელენსკის შეუპოვრობით და უკრაინელი ხალხის თავდადებით, ევროპის შემდეგ ახლა უკვე მთელი კონგრესი უკრაინის პრეზიდენტს ფეხზე წამოდგომით ტაშს უკრავს, აი, რუსეთის პრეზიდენტი ისე მხნედ და ძლევამოსილად ვეღარ გამოიყურება. მოკლედ, მთელი ცივილიზებული მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას, საქართველოს კი ისიც ვერ მოუხერხებია, საზღვარი აკონტროლოს და ასეთ რთულ ვითარებაში მინიმუმ პუტინის რეჟიმის მომხრეებს მაინც შეუზღუდოს საზღვრის კვეთა.

რადიო „ფორტუნამ“ ცოტა ხნის წინ მოამზადა მასალა, როგორ გახშირდა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა, ბინების ქირაობაზე მოთხოვნა და ერთგვარი რჩევებიც მოგეცით, რა უნდა იცოდეთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ბინის მიქირავების შემდეგ, საერთოდ არ დაკარგოთ საცხოვრებელი სახლი. ახლა კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა. როგორც აღმოჩნდა, რუსები საქართველოში ბიზნესების რეგისტრაციას იწყებენ და აქ ფეხის მოკიდებას ცდილობენ. შეიძლება იკითხოთ, ამით რა პრობლემა ჩნდებაო. საქმე ისაა, რომ ამ საკითხში გამოწვევებს ხედავენ ეკონომისტები და იურისტები და ჩვენ ორივეს პოზიციას მოგვიანებით გაგაცნობთ, ახლა მოგიყვებით, რატომ არის რიგები თბილისის იუსტიციის სახლთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

 

                                                                

ვის რა ბიზნესი გადმოაქვს საქართველოში და რატომ

 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე, ტელეგრამ ჯგუფებში დაიწყო აქტიური საუბრები რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, თუ როგორ გადმოსულიყვნენ საქართველოში საცხოვრებლად, როგორ ეშოვათ სამუშაო, ან დაეწყოთ ბიზნესი. გვახსოვს, ამას რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, ზოგი სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვდა, ზოგიც – საერთოდ მათთვის შემოსვლის აკრძალვას. ისიც გვახსოვს, ამას რა განცხადებები მოჰყვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან.

ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობას გავამკაცრებთ: კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს.“ - კობახიძე

ფაქტები კი არსად წასულა. სოციალურ ქსელში სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია, სქრინები და ფოტოები ვრცელდებოდა, რაც რუსეთის მოქალაქეების აქტიურ შემოსვლას ადასტურებდა.

ერთ-ერთ გადატვირთულ ადგილად იუსტიციის სახლი იქცა. რამდენიმე დღის მანძილზე სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები აქტიურად დადიოდნენ ადგილზე და ეძებდნენ სლავური გარეგნობის ადამიანებს.

მათ შორის, რამდენიმე ათეული რუსეთის და ბელორუსის მოქალაქე ნახა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა, რომლებიც როგორც გაირკვა, ინდივიდუალურ მეწარმედ ან ბიზნესის რეგისტრაციისთვის იყო მისული იუსტიციის სახლში.

ისინი ჰყვებოდნენ, რომ საქართველოში ბიზნესის გადასარჩენად ჩამოვიდნენ. ჟურნალისტს იმასაც უდასტურებდნენ, რომ საზღვარი მარტივად გადმოლახეს.

ახლა რაც შეეხება მონაცემებს, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ დაწერა, რომ 2022 წლის 1-დან 4 მარტის ჩათვლით საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყაბზე განაცხადი რუსეთის 201-მა მოქალაქემა შეიტანა, აქედან 184 პირს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია სურდა, 16-ს კომპანიის, ერთს კი – ააიპ-ის.

1-დან 7 მარტის ჩათვლით კი იმავე მიზნით იუსტიციის სახლს ბელარუსის 107-მა მოქალაქემ მიმართა.

ეს მონაცემები მხოლოდ მარტის დასაწყისს ასახავს.

თუ ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედავთ ზოგადად რუსული კომპანიების შესახებ, გავიგებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოში 7000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან ნაწილობრივი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქეები არიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კვლევაც კი ჩაატარა და დაადგინა, რომ ბოლო 10 წელში რუსულმა კომპანიებმა საქართველოში 600 მილიონ ლარამდე ტენდერები მოიგეს.

 

                                                                 

„საჭიროა სიფრთხილე“ – რისკები და მოლოდინები

 

  ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთი მხრივ გაგვერკვია როგორ ხდება საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია, რა ეტაპებს გადის მოქალაქე, არის თუ არა განსხვავებული პირობები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მეორე მხრივ, ეკონომისტებისთვის გვეკითხა, რა რისკები ჩნდება რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბიზნესის დაწყების შემდეგ.

ჩვენ „ სი ელ ესის“ მმართველ პარტნიორს, ადვოკატ ეკა ლომიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ისევე შეუძლიათ კომპანიის დარეგისტრირება, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. მისი თქმით, შეზღუდვები საკანონმდებლო დონეზე დამატებით არ შემოღებულა.

ვინ არის ის 20 ათასი მოქალაქე, ვინც რუსეთიდან ბოლო 10 დღეში შემოვიდა - რა რისკები ჩნდება და როგორ ხვდება შესაძლო საფრთხეებს სახელმწიფო

"რუსეთის მოქალაქე ლტოლვილის სტატუსით ვერ ისარგებლებს, ომი მის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს"

„მეწარმეთა შესახებ ახალი კანონია და აქ შეიცვალა გარკვეული საკითხები, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ იზღუდებიან საკანონმდებლო დონეზე, რომ თავისუფლად დაარეგისტრირონ კომპანიები.

დღეის მდგომარეობით, რეგისტრაციას ესაჭიროება კომპანიის წესდება, ოფიციალური მისამართი საქართველოში, განაცხადის წარდგენა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სარეგისტრაციო საფასურის ადგილზე გადახდა, სამსახური ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას მეწარმეთა შესახებ კანონთან, თუ წინააღმდეგობაში მოდის ახარვეზებს და წარმომდგენს უდგენს 30 დღიან ვადას ხარვეზების შესავსებად. თუ ხარვეზი არ დადგინდა 1 სამუშაო დღეში ახდენს რეგისტრაციას და გაიცემა ამონაწერი ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ.

ჩვეულებრივად ხდება საქართველოში კანონიერად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რეგისტრაციაც. ამ ეტაპზე რაიმე სახის საკანონმდებლო შეზღუდვა არ მიღებულა“, – ამბობს ეკა ლომიძე.

რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი განმარტავს, რომ ზოგადად, საჭიროა სიფრთხილე, მაგრამ გადამეტებული აჟიოტაჟი მიზანშეწონილი არ არის.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო სანქციებს შეუერთდეს.

„სანქციებია მთავარი. მერე 300 ბიზნესს დაარეგისტრირებენ თუ მეტს, აზრი აღარ ექნება. მაქსიმალურად გაიფილტრებიან.  რუსეთის მოქალაქეებს სურთ საკუთარი ფინანსების გადარჩენა. შედარებით ნაკლებ რისკიან გარემოში უნდათ, რომ ფული დააბანდონ. მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს ხელისუფლებასთან ან ოლიგარქებთან დაახლოებული პირები, რომლებიც იმავეს ცდილობენ. ეს 200 დარეგისტრირებული ბიზნესი არაფერს არ გვაძლევს, უნდა დავაკვირდეთ როგორ გაგრძელდება. რა პოტენციური საფრთხე შეიძლება ჰქონდეთ, ამაზე მკითხაობა შეუძლებელია. 2-3 დღის მონაცემებით ვერაფერს ვიტყვით. რუსეთიც ეცდება თავის მხრივ არ გამოუშვას მოქალაქეები და ნაკლებმა სიმდიდრემ დატოვოს ქვეყანა“, – ამბობს ხორგუაშვილი.

ამ დროისთვის, ჯერჯერობით, არც სავიზო რეჟიმი გამკაცრებულა და არც სანქციებს უერთდება საქართველო. როგორც ჩანს, მხოლოდ შსს მინისტრის – ვახტანგ გომელაურის განცხადების იმედზე ვართ, რომელიც ამბობს, რომ ისინი საზღვარს აკონტროლებენ, თუმცა იმასაც დასძენს, რომ მსოფლიოში 100%-ით, არცერთი ქვეყნის საზღვარია დაცული.