LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია, რომელიც რაჭაში ტყის 49-წლიან ლიცენზიას ფლობს, 2000 ლარით დაჯარიმდა

181
ხიდაშელი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა. აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიას 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ევალებოდა. ამასთან, კომპანიას არც სალიცენზიო პირობების დაცვის ანგარიში წარუდგენია სახელმწიფოსთვის.

უწყების ცნობით, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ არ შეასრულა ვალდებულებები, კერძოდ კი, არ წარადგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ.

„ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 23 მარტის №38/ს ბრძანების მეორე პუნქტის „ქ)” ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში სამინისტროში წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი მის მიერ სალიცენზიო ფართობზე არსებული ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შესახებ, წლის სხვადასხვა სეზონისთვის ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებული სქემისა და მოთხოვნების შესაბამისად. ლიცენზიანტს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი არ წარუდგენია, რის საფუძველზეც, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.

ამასთან, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, ყოველწლიურად, 01 აპრილიდან 01 მაისამდე, წარმოედგინა ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“, დადგენილ პერიოდში, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ 2022 წლის ანგარიში არ წარმოუდგენია; შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც, შემდგომი განხილვის მიზნით, ასევე გადაიგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2022 წლის მარტში სახელმწიფომ რაჭაში 104 712 ჰექტარ ტყეზე (რაჭის ტერიტორიის მესამედი და ქვეყნის ტერიტორიის 1.4%) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49-წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) თანახმად, ხიდაშელთან დადებული ამ გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა.

რაჭის ტყის ლიცენზია ხიდაშელის საკუთრებაში გადასული ერთადერთი აქტივი არაა. ბიზნესმენმა ე.წ რიყის დოქები გასული წლის 24 მარტს, რიგით მეშვიდე აუქციონზე, 10 020 000 ლარად იყიდა.

magti 5g