66 წლის ასაკში ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში კახა გველესიანის ოჯახის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.
ცნობისათვის, კახა გველესიანის მონაწილეობით საქართველოში განხორციელდა სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, სასტუმროები -„თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და „მოქსი“, ასევე მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსის რეაბილიტაცია.
კახა გველესიანი ასევე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2025 წლამდე კი ხელმძღვანელობდა „ექსპო ჯორჯიას“ მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს.
კახა გველესიანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ბიზნესმენს ქვეყნისთვის გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.
„რატომ მიდიან ზედიზედ სწორედ ის ადამიანები, ვინც ქართულ საქმეს აკეთებდნენ, აკეთებდნენ ჩუმად, უკომპრომისოდ, და მიზანმიმართულად? მადლობა ყველაფრისთვის!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
კახა გველესიანის შესახებ „ფეისბუკში“ წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც.
„კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანი წავიდა. კახასვე ეკუთვნოდა ვედეენხაზე საგამოფენო ტერიტორიის იდეა და პაციენტების ნამუშევრების არაერთი გამოფენა გვაქვს მოწყობილი მანდ კახას ხელშეწყობით. სად გეჩქარებათ, კარგო ადამიანებო?“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.
