ბიზნესმენ კახა გველესიანს, რომელიც 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.
ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა
კახა გველესიანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი ნინო კალანდია და ბიზნესმენთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტს იხსენებს.
„გული მომიკლა კახას სიკვდილმა. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, იშვიათად შემხვედრია ასეთი ენერგიული ადამიანი. ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ახალგაზრდა თუ წავიდოდა.
6 წელი ვიმუშავე ექსპოჯორჯიაში და იმდენი კარგი მახსოვს, იმდენი სიკეთე, იმდენი მხიარულება. მაგალითად, „ფეისბუქზე“ ვწერდი ხოლმე პერიოდულად სტატუსს – მეზარება მუშაობა, უნდა გავიპარო სამსახურიდან. დამირეკავდა ხოლმე და მეტყოდა, ყაჩაღი ხარ, კალანდია.
ივენთ მენეჯერად დავიწყე ექსპოში მუშაობა და პირველად რომ შევხვდი, ვერც მივხვდი, გასაუბრება რომ მქონდა. ბოლოს მკითხა, როდის შეუდგები საქმესო და გამოვუცხადე, ჯერ შვებულებაში უნდა გავიდე, ძაან დაღლილი ვარ-მეთქი. კი ბატონოო. მერე სულ მაგას მაძახებდა ხოლმე, ჯერ დაისვენა და მერე დაიწყო მუშაობაო.
ბევრი მაქვს გასახსენებელი. მიყვარდა ძალიან და მიყვარდა იმიტომაც, როგორ უყურებდა საქმეს, როგორ ააყვავა ექსპოჯორჯია, რომელიც ყველასთვის იყო და დღემდე არ ვიცი სხვა უფრო კარგი, მწვანე, ზედმიწევნით გემოვნებიანი და მოვლილი ადგილი, ვიდრე ექსპოჯორჯიას ტერიტორიაა.
კახა, ძალიან მენანები, ძალიან“, – წერს ნინო კალანდია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, კახა გველესიანის მონაწილეობით საქართველოში განხორციელდა სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, სასტუმროები -„თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და „მოქსი“, ასევე მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსის რეაბილიტაცია.
კახა გველესიანი ასევე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2025 წლამდე კი ხელმძღვანელობდა „ექსპო ჯორჯიას“ მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს.
