“ბოკოვი არ არის ქილერი, ის არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი, მას თანამზრახველი აუცილებლად ეყოლებოდა,”- ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამომძიებლებს შეკითხვები ძირითადად წყაროებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, დაკავებული პირი ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრია, რომელსაც საქართველოში, სავარაუდოდ, თანამზრახველიც ჰყავს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი გაბუნიას დაცვა შესთავაზა, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე ამოწურულია არ არის. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლებოდა. მე რა ინფორმაციასაც ვფლობდი მივაწოდე საგამოძიებო ორგანოებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. ჩემი ინფორმაციით, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გაბუნიას მარშრუტის შესწავლა ერთი ადამიანის თუ რამდენიმე ადამიანის მიერ,”- განაცხადა გვარამიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენების სურვილი არ ჰქონია და ამ დროის განმავლობაში ხელისუფლების დამადანაშაულებელი არც ერთი განცხადება გაკეთებულა.
“მარტივად შემოგთავაზებთ ლოგიკას – ბოკოვთან დაკავშირებით „მთავარმა არხმა“ ორი დღით ადრე გააკეთა სიუჟეტი, რომელიც აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდიოდა იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა სხვა ტიპის ინფორმაცია ბოკოვთან დაკავშირებით და არც ვიცოდით გაბუნიას ვინ უთვალთვალებდა ან ვისი მოქალაქე.
ჩვენ რაც ვიცოდით გეტყვით, რომ რუსეთის ტერიტორიიდან, კადიროვი ფიგურირებდა და წამოვიდა შეკვეთა უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ ჩეჩენთან დაკავშირებით. ეს ჩეჩენი უკრაინის მოქალაქეა, რუსეთის თუ საქართველოსი არ ვიცი, ეს არ დაზუსტებულა.
გიორგი გაბუნიას სახის, სახელისა და გვარის შეცვლა შესთავაზეს
"კითხვები შეეხებოდა, რა ინფორმაცია მაქვს, მათ რა ინფორმაცია აქვთ, ჩემთან ამაზე არ ულაპარაკიათ“
ამის შემდეგ საქმე, საიდანაც ეს ინფორმაცია მივიღეთ, ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში თუ სისხლის სამართლის საქმის გადმოგზავნის რეჟიმში, ესეც არ ვიცი. მიიღო საქართველოს უშიშროებამ და შესწავლა დაიწყო. შესწავლა რომ დაიწყო, აქედან ვიცით ჩვენ. თავიდანვე გვითხრეს, რომ სერიოზულად არ იქნა ეს აღქმული და ჩათვალეს პროვოკაციად უკრაინაში ქართველი პოლიტიკოსების, რამდენიმე დღის შემდეგ ვიღებთ მეორე ინფორმაციას, რომ, როგორც ჩანს, დასტურდება რაღაც დეტალები და დაიწყო ფართომასშტაბიანი შესწავლა ამ ყველაფრის, ამას სუს გვაძლევს. ჩვენ შევამჩნიეთ თვალთვალი და ეს პირველი შემთხვევაა, როცა სუს-ის თვალთვალი გაგვიხარდა,”– აცხადება გვარამია.
შეგახსენებთ, 15 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დირეექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადეს, რომ 12 ივნისს, სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
გვარამიას ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია, 1 წლის წინ “რუსთავი 2”-ის ეთერში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმეტ პუტინის გინებისთვის, რამზან კადიროვმა დაუკვეთა.