პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრი დეპუტატებს მთავრობის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ირაკლი ღარიბაშვილის რეპლიკას, რომ „როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, ქვეყანას ომი ვერ აარიდა“ – ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა:
„მოღალატე ხართ, ეს არის ქვეყნის ღალატი, რასაც ახლა ამბობთ“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
პრემიერს მიმართა ანა წითლიძემაც: „შე რუსო მართლა, შენ ხარ რუსი, ხმას საერთოდ როგორ იღებ, შე რუსო“, – უთხრა წითლიძემ ღარიბაშვილს.
რეპლიკების საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის წევრებს აღნიშნულ თემაზე საუბარი არ სურთ, რადგან იციან, რომ ეროვნული ინტერესების ღალატი ჩაიდინეს:
„სანქციების დაწესება და ეკონომიკისა და ვაჭრობის ჩაკეტვა იქნებოდა სრული უპასუხისმგებლობა და უფრო მეტიც, ამას შეიძლება საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების ღალატი ვუწოდოთ.
თუ ვინმე დაზიანდებოდა დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენ დღეს, ვეღარ ვისაუბრებდით ასე თამამად, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, სად ვიქნებოდით დღეს ეს ადამიანები, რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში? როცა იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ ვერ აირიდეს თავიდან ომი და ეს უბედურება დამართეს ქვეყანას და დიდი განსაცდელი მოუვლინეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. დაკარგეს ტერიტორიები.
მათ ამ თემაზე საუბარი არ უნდათ, რადგან მათ იციან ყველაზე მეტად, რომ მათ ჩაიდინეს ეროვნული ინტერესების ღალატი. აი, ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, მე ასე ვეძახი მათ, საცოდავები ხართ, რადგან არაფერი აღარ გაქვთ სათქმელი“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტში პრემიერის გამოსვლის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ აქ:
ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება – ირაკლი ღარიბაშვილი