LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი 31 მაისს გაიმართება

772
ღვინის ფესტივალი

31 მაისს, ბოლნისის გერმანული უბანი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს!

ამ შინაარსის ღვინის ფესტივალი საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება და ის დაცული ადგილწარმოშობის ღვინის პოპულარიზაციასთან ერთად, ქართული ღვინის რუკაზე, ბოლნისის – როგორც ოქროსფერი ღვინის ქალაქის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

სტუმრებისთვის ფესტივალი 15:00 საათიდან გაიხსნება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ღვინის ფესტივალში, ტრადიციულად, საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა იქნება წარმოდგენილი. მონაწილეებს შორის არიან, როგორც მსხვილი მწარმოებლები, ასევე მცირე და საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეობები – ყველა, ვინც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს აწარმოებს.

ფესტივალის ფარგლებში, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში უკვე ჩატარდა ღვინის კონკურსი. ბრმა დეგუსტაციაზე საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ 21 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 144 ნიმუში შეაფასა. გამარჯვებულების ვინაობა 31 მაისს, ფესტივალზე გახდება ცნობილი. დასახელდება დიდი ოქროს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები. კონკურსში 10 უმაღლესი ქულით შეფასებული ღვინო იტალიაში, მერანოს 2026 წლის საერთაშორისო ფესტივალზე გაიგზავნება.

ფესტივალს, ტრადიციულად, დაესწრებიან ღვინის ექსპერტები და იმპორტიორები, უცხოელი ბლოგერები და რესტორატორები. ფესტივალის მიმდინარეობისას ჰორეკა სექტორის 10 წარმატებული ქართველი სომელიე საკუთარ ფავორიტს გამოავლენს.

ბოლნისის ძველ უბანში სტუმრებს, სასიამოვნო მუსიკა, მრავალფეროვანი კვების ობიექტები, საბავშვო სივრცე, სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა ელოდებათ. ფესტივალს დახურავს ჯგუფი მგზავრები.

ფესტივალის ორგანიზატორი – ბოლნისის ღვინის გაერთიანება.

წარმდგენი – არემჯი.

სპონსორები – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, არემჯი.

მხარდამჭერები – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, საქპატენტი, ბოლნისის აგროცენტრი.

არემჯი ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ბოლნისის ღვინის ფესტივალი, რომელმაც ადგილობრივ მეღვინეებს უკვე მოუტანა პოზიტიური შედეგები.

თავის მხრივ, კომპანიის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი, 2022 წლიდან, გაეროს გლობალური შეთანხმების მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში. სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერა, ბოლნისის ღვინის ფესტივალი კი ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია.

(R)

magti 5g