დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა მოსალოდნელი იყო. ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ბოლნისში გაფართოებული ტესტირება მომავალ კვირას ჩატარდება. მისი თქმით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპზე დამყარებული კვლევა განხორციელდება, რაც საშუალებას იძლევა მთელი რეგიონის ეპიდმდგომარეობა გამოიკვეთოს. ამის შესახებ გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან” ისაუბრა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო. ამჟამად ახალი შემთხვევა ორ სოფელში დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტია და ამიტომ, სერიოზული ღონისძიებები ტარდება-ჩაკეტილია ბოლნისი, კარანტინია გამოცხადებული, ასევე შესვლა-გამოსვლა აკრძალულია. ბოლნისში მარნეულის შემდეგ, გეგმური, ე.წ. გაფართოებული ტესტირება ჩავატარეთ. გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ჩატარდა ასეთი გაფართოებული ტესტირება, ზოგიერთი კვლევა ახლაც მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. 15 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 7 – ერთ სოფელში და 8 – მეორეში. მთლიანად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ისეთი კვლევის ჩატარება გვინდა, რომელიც შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპზე არის დამყარებული. ანუ, ბოლნისის მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევა მოხდება გარკვეული კრიტერიუმით-ეპიდემიოლოგიურითა და სტატისტიკურით. ვფიქრობთ, არ გადავდებთ და მომდევნო კვირაში ამ კვლევას ჩავატარებთ. ახლა სწორედ შერჩევა სრულდება. ანუ, რამდენი ადამიანი იქნება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული, რომელიც მოგვცემს იმის შესახებ ინფორმაციას, თუ რა ხდება მთლიანად მუნიციპალიტეტში“ – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლნისის ორ სოფელში კორონავირუსის 15 შემთხვევა გამოვლინდა
ამირან გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში დაფიქსირებული 15 ახალი შემთხვევა დიდი მაჩვენებელი არ არის. გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს იყვნენ მეტად დამყოლები,რათა მაქსიმალური გამოკვლევა და ეპიდემიური სიტუაციის შესწავლა განხორციელდეს.
„ეს არ არის შემთხვევების დიდი ზრდა. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ინფიცირების შემთხვევების გარკვეული ზრდა იქნებოდა. 10-15 რიცხვით გაზრდა დიდი მაჩვენებელი არ არის. ამ სოფლებში ველოდით, რომ შემთხვევების ზრდა მოხდებოდა, რადგან დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩატარებული კვლევებისას პოზიტიურ შემთხვევათა გარკვეული რაოდენობა გვქონდა. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ კიდევ უფრო მეტი დამყოლობა იყოს. მოგვცენ საშუალება, რომ ორივე სოფლის მოსახლეობა სრულად გამოვიკვლიოთ. ჩვენი ორი ჯგუფი მიდის ერთ-ერთ სოფელში, ხოლო მეორე სხვა სოფელში იმუშავებს. გვინდა, მაქსიმალურად მოვიცვათ ეს სივრცე, რომ ამ სოფლების მოსახლეობა მაქსიმალურად გამოკვლეული იყოს, რათა ვისაც ვირუსი დაუდგინდება, ვუმკურნალოთ, ხოლო დანარჩენებს ვურჩიოთ, რომ ორი კვირა თვითიზოლაციაში იყვნენ“ – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 8 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, ხოლო 7 სოფელ მუშევანში დადასტურდა.