31 მაისს, 12:00 საათიდან, ქალაქი ბოლნისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს მესამედ უმასპინძლებს.
ფესტივალის წარმდგენია „რიჩ მეტალს გრუპი“ (RMG).
ფესტივალი ბოლნისის გერმანულ უბანში ჩატარდება და მასზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-ზე მეტი მეღვინეობა იქნება წარმოდგენილი. მონაწილეებს შორის არიან როგორც მსხვილი მწარმოებლები, ასევე მცირე და საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეობები – ყველა, ვინც დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს აწარმოებს.
ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ დაწვრილებით ისაუბრა კომპანიის „არემჯი“ (RMG) პიარ მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ:
ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდებიან ღვინის იმ კონკურსის გამარჯვებულები, რომელიც წინ უსწრებდა ფესტივალს – ჟიურის 17 მაისს ჰქონდა საკონკურსო ნიმუშების დაგემოვნება-შეფასების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ის 10 ღვინო, რომელიც კონკურსზე უმაღლეს შეფასებას დაიმსახურებს, საქართველოს იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალზე წარადგენს.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს ბოლნისში სპეციალურად იტალიიდან ესტუმრებიან ღვინის ბაიერები, ასევე, სხვა ევროპელი ღვინის ექსპერტები და ბლოგერები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.
ფესტივალის სტუმრებს წელსაც დახვდებათ სასიამოვნო მუსიკა, კვების ობიექტები, საბავშვო სივრცე და ბევრი საინტერესო აქტივობა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ბოლნისის აგროცენტრი.
ფესტივალზე დასწრება უფასოა.