საკონსულტაციო კომპანიის Henley & Partners-ის ახალი კვლევის თანახმად, ბოლოს 20 წლის მანძილზე მსოფლიოში სუპერმდიდარი ადამიანების რაოდენობა გაორმაგდა.
როგორც ირკვევა, ამჟამად მსოფლიოში 28 420 ე.წ. ცენტიმილიონერი ცხოვრობს. მათი რაოდენობის მატება დაბალი საპროცენტო განაკვეთის შედეგად ფინანსური აქტივების ღირებულების სწრაფმა ზრდამ განაპირობა.
ანგარიშის თანახმად, სუპერმდიდრების მომრავლებას ხელი, განსაკუთრებით აშშ-ში, ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეუწყო. დღევანდელმა ცენტიმილიონერებმა ქონება საკუთარი კომპანიების დაფუძნებით ან სტარტაპების დაფინანსებით მოიპოვეს.
ყველაზე მეტი, 10 660 ცენტიმილიონერი აშშ-ში ცხოვრობს. თითოეულის კაპიტალი 100 მილიონ დოლარს ან მეტს შეადგენს. 2358 სუპერმდიდრით რეიტინგში მეორეა ჩინეთი, მესამე ადგილზე 1050 ცენტიმილიონერით გერმანია, მეოთხეზე 1035-ით კი – ინდოეთი მოხვდა.
კვლევის მიხედვით, ცენტიმილიონერების უმრავლესობა ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, ლოს ანჯელესში, ლონდონსა და პეკინში ცხოვრობს.
მკვლევართა ვარაუდით, ულტრა დაბალი საპროცენტო განაკვეთების პერიოდის გავლის შემდეგ ცენტიმილიონერთა ზრდის ტემპი შენელდება და 2033 წლისთვის მათი რაოდენობა 39 000 იქნება.