საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 31 019 ადამიანია აცრილი.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვაქცინა გაიკეთა 810-მა ადამიანმა.
ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს, “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.
იმუნიზაციის პროგრამაში თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომელთაც მოყვა 65 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა. 5 აპრილიდან კი ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ პირები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანარგილი ადამიანები ჩაერთნენ.
ამ ეტაპზე მიზნობრივი ჯგუფები იცრება როგორც “ასტრაზენეკას”, ასევე ფაიზერის ვაქცინით.
“სინოფარმით” ვაქცინაციისთვის კი რეგისტრაცია 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
გუშინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციისთვის ვებპორტალი აამოქმედა.
წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებულია 34 041 მსურველი.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას: დღეს მონაცემები ასე გამოიყურება:
გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 1 792 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.