LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 7 წელში მოკლეს 178 ქალი, მათგან ნახევარი ოჯახში – ფემიციდის დინამიკა საქართველოში

487
fortuna.ge (80)

საქართველოში ფემიციდმა განსაკუთრებული ყურადღება 2014 წელს მიიპყრო ქალთა მკვლელობის ყველაზე მაღალი რაოდენობიდან გამომდინარე.

კერძოდ, 2014 წელს 35 ქალი იქნა მოკლული, საიდანაც 19 შემთხვევაში დანაშაული ოჯახის წევრის მიერ იქნა ჩადენილი.

მომდევნო წლებში ეს რიცხვი მცირედით შემცირდა, თუმცა 2020 წელს ქალთა მკვლელობის კვლავ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ასევე, გასულ წელს, სხვა წლებთან შედარებით, ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობებიდან, ყველაზე მეტი ქალი იქნა მოკლული ოჯახის წევრის მიერ (63%).

ბოლო 7 წელიწადში (2014-2020 წლებში) მოკლული იქნა 178 ქალი, საიდანაც 87 (49%) მათგანი ჩადენილი იყო ოჯახში.

საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ფემიციდის ცნებას, თუმცა ლათინო-ამერიკული ოქმის განმარტებაზე დაყრდნობით და საქართველოში ჩადენილი ქალთა მკვლელობების ბუნების გათვალისწინებით, შესაძლებელია ფემიციდი განიმარტოს შემდეგნაირად: ფემიციდი – გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, ანუ ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი კავშირშია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასა და ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით ან გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით, ასევე, ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა ზემოაღნიშნული მიზეზებით.

საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალურ-კულტურული ნორმები უბიძგებს დამნაშავეს, დაიჯეროს, რომ მას აქვს უფლება დასაჯოს ქალი, მათ შორის, მოკლას კიდეც, თუ იგი არ დაემორჩილება გენდერულ როლებს.

აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, ხშირად დამნაშავე მკვლელობას ახორციელებს დემონსტრაციულად – საჯარო და ხალხმრავალ ადგილას, რაც მისი შეფასებით არის „მამაკაცური ღირსების“ აქტი. სწორედ ეს გამოარჩევს ფემიციდს სხვა მკვლელობებისგან და ხაზს უსვამს დანაშაულის საშიშ და დისკრიმინაციულ ბუნებას, რადგან დამნაშავე ერთგვარ მორალურ გამართლებასაც უძებნის მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

ხშირად, ფემიციდი არის კულმინაცია სისტემატური ძალადობისა, რასაც მსხვერპლები გარდაცვალებამდე განიცდიან.

საქართველოში ჩადენილი ფემიციდის შემთხვევები ადასტურებს, რომ მკვლელობის ჩადენამდე ქალი იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მსხვერპლს არ ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რაც გამოვლენის პრობლემაზე მიუთითებს და ააშკარავებს იმ ბარიერებსა თუ დაბრკოლებებს, რის გამოც ქალები ვერ მიმართავენ დასახმარებლად სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა ასევე, იკვეთება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მსხვერპლის მიერ ძალადობის შესახებ პოლიციაში გაცხადების მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა ფემიციდის თავიდან აცილება.

ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების გაძლიერების მხრივ, რაც გამოიხატა კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და ცალკეული ინსტრუმენტების შემუშავებაში.

ფემიციდის შემთხვევებზე სათანადო რეაგირებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში, მათ შორის, განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის დეფინიციებში გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრა. ასევე, 2018 წელს ამოქმედდა ძალადობის განმეორების რისკების შეფასების ინსტრუმენტი და გამოცემული შემაკავებელი თუ დამცავი ორდერების მონიტორინგის მექანიზმები.

თუმცა, არსებული სტატიტიკა მოწმობს, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ფემიციდის მაღალი მაჩვენებელი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც კომპლექსურ მიდგომასა და პერმანენტული აქტივობების განხორციელებას საჭიროებს.

მხოლოდ კანონის გამკაცრება ვერ უზრუნველყოფს არსებული რეალობის შეცვლას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალისხმევა მიმართული იყოს ფემიციდის პრევენციის ინსტრუმენტების ეფექტიან აღსრულებასა და საზოგადოებაში მყარად ფესვგაგდგმული გენდერული უთანასწორობისა და ქალის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლაზე.

 

ბლოგის ავტორი: გოგა ხატიაშვილი, ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტი

 

წინამდებარე ბლოგი შეიქმნა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. მასში განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი არის ავტორი.
იგი არ წარმოადგენს ამერიკის მთავრობის ოფიციალურ მოსაზრებას და არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.