LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ცხრა თვეში ამოღებულია 25 კილოგრამი ჰეროინი და დაკავებულია 143 ნარკორეალიზატორი

92

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს უკანონო ბრუნვიდან 25 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო და 143 ნარკორეალიზატორი დააკავა. აღნიშნულის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

ბორცვაძის ცნობით, სამართალდამცავებმა 16-17 სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. სამართალდამცველებმა, სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს მათგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

„ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 8 შეკვრა ჰეროინი და სხვადასხვა სახის აბები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში 2 პირია დაკავებული. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები უკანონოდ იძენდნენ ნარკოტიკულ საშულებას და სისტემატურად ახდენდნენ მის რეალიზებას.

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 4 მოქალაქე. პირადი ჩხრეკის შედეგად, კერძოდ, ფეხსაცმელების ძირებიდან ამოღებულია 2 კილო და 780 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, ბოლო ცხრა თვეში, სამართალდამცავებმა 143 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

„2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ამოღებულია: 25 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილო და 500 გრამი კოკაინი, 8990 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 2 კილო და 100 გრამი „მდმა“, 1 კილო და 200 გრამი ფსიქოტროპული მედიკამენტები,“ – განაცხადეს უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g