LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ცნობები „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე – რა განცხადებები გაკეთდა თეთრ სახლში და რას აცხადებს ოფიციალური მოსკოვი

246
Untitled design (17)

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან, თუმცა, ამ ეტაპზე მათი რიცხვი უცნობია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მოსკოვის ცენტრში, საკონცერტო დარბაზში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ასევე ცნობილი ხდება, რომ კომპლექსის ერთ-ერთ ფლიგელში საბავშვო კონკურსი მიმდინარეობდა, სადაც ვოლოგდიდან და ჩერეპოვეციდან ჩასული ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას. ამ ბავშვების ევაკუაცია შენობიდან უსაფრთხოდ განხორციელდა.

“როსგვარდიის” ინფორმაციით, “კროკუს სითი ჰოლზე” თავდამსხმელების ძებნა მიმდინარეობს.

განცხადების თანახმად, “ტერაქტის ადგილზე რუსეთის გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმები მუშაობენ”.

“კრიმინალების ძებნა და შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს” – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობებით შედეგად დაღუპულია 40 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.

მომხდარს გამოეხმაურა თეთრი სახლი.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ინფორმირებულია კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კრასნოგორსკში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ყველა ვხედავთ შეტყობინებებსა და ვიდეოკადრებს მოსკოვიდან. ვცდილობთ, მეტი ინფორმაცია მივიღოთ. საზარელი კადრებია, ამის ყურება ძალიან მძიმეა. ეს მძიმე დღე იქნება, ჩვენი ფიქრებით ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლებთან ვართ“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

თეთრი სახლში განაცხადეს, რომ არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს.

ევროკავშირი შოკირებული და შეძრულია მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტული თავდასხმის შესახებ ცნობების გამო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს.

„ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმებს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა”, – წერს პიტერ სტანო სოციალურ ქსელში.

„კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმას ტელეგრამში ეხმაურება რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით. არავითარი სასამართლო და გამოძიება არ დაგვეხმარება, თუკი ძალას არ დავუპირისპირებთ ძალას, სიკვდილს კი – ტერორისტების ტოტალურ დასჯასა და მათი ოჯახების წინააღმდეგ რეპრესიებს. ეს მსოფლიო გამოცდილებაა. თუკი დადგინდება, რომ ისინი კიევის რეჟიმის ტერორისტები არიან, მათთან და მათ იდეურ შთამაგონებლებთან სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელია. ისინი უნდა მოიძებნონ და უმოწყალოდ განადგურდნენ, როგორც ტერორისტები, იმ სახელმწიფო ოფიციალური პირების ჩათვლით, რომელთაც ეს ბოროტება ჩაიდინეს. სიკვდილი სიკვდილის წილ“, – წერს მედვედევი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები