ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი განთავსების ობიექტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, გურიაში გაიხსნა, ჯამში 30 ერთეული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში გურიაში 32 ახალი განთავსების საშუალება შენდება. აღნიშნულის შესახებ კვლევის შედეგებს Policy and Management Consulting Group – PMCG აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, 2016-2017 წლებში, განთავსების საშუალებების რაოდენობები, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა აჭარასა და თბილისში. რაც შეეხება ქვემო ქართლს და შიდა ქართლს, მოცემულ რეგიონებში ყველაზე ნაკლები განთავსების საშუალება გაიხსნა, შესაბამისად 2 და 1 ერთეული.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2016-2017 წლებში არც ერთი განთავსების საშუალება არ გახსნილა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ხოლო 2018 წელს, მხოლოდ 1 განთავსების საშუალება გაიხსნა. მიმდინარე პერიოდში, რეგიონში 3 განთავსების საშუალების მშენებლობა მიმდინარეობს.