LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლოს და ბოლოს უნდა მოიხსნას კითხვა – რატომ დახვრიტეს მაჩალიკაშვილი?

128
d4a88145ab182dc22b92430f1e54886c_XL

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს. მისი განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.

„მიუხედავად იმისა, ვინ შემოიტანა ეს წინადადება, მე ამ იდეას მხარს დავუჭერ, რადგანაც მართლაც შემზარავი ფაქტი მოხდა. ამაზრზენად მოეპყრნენ მაჩალიკაშვილების ოჯახს. არ იქცევიან ტერორისტები ისე, როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახი იქცევა. ერთი წელია მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალს ეძებს და ვერ მიაღწია, რომ გაიგოს რატომ მოუკლეს შვილი. ეს ჩვენც, ყველას გვაინტერესებს. ამას გაგრძელება რომ არ ჰქონდეს და ჩვენც რომ არ მოგვაკითხონ სახლებში, ამიტომ აუცილებელია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. ბოლოს და ბოლოს უნდა მოიხსნას კითხვა – რატომ დახვრიტეს ის კაცი? ჩვენს ქვეყანაში, მე მგონი, სიკვდილით დასჯა აკრძალულია. გვახსოვს, ეს წინა პერიოდში როგორ ხდებოდა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ამას გაგრძელება მოჰყვეს,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გამოვიდა.

სამადაშვილმა პარლამენტის დეპუტატებს სთხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ცარიელ დარბაზში გვიწევს ამ ძალიან მტკივნეულ საკითხზე საუბარი, მაგრამ იმედია, ამ გზავნილს მოისმენენ ჩვენი კოლეგები, ვინც დღეს დარბაზში არ იმყოფება. იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თქვენ მიიღებთ როცა გადაწყვეტთ დაუჭიროთ თუ არა მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას, შესაძლოა, ჰქონდეს ძალიან გრძელვადიანი და მძიმე შედეგი, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირად ამომწურავი სუს-ის ხელმძღვანელისგან იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა პანკისში და ვერც ბატონი გახარიასგან, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი ხედავს და უდავოა, რომ დღეს ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფო, პირველ რიგში, რუსეთი ცდილობს რომ ძალიან აქტიურად გამოიყენოს ყველანაირი შიდა დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ძალიან მნიშვნელოვანი კეთილი ნების ნაბიჯი იქნებოდა ჩვენი მხრიდან ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეის მხარდაჭერა,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

magti 5g