LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლოს როდის კითხეთ საკუთარ თავს „როგორ ხარ” – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

569
სოფო-მოსიაშვილი

ბოლოს როდის კითხეთ საკუთარ თავს „როგორ ხარ” – გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა სოფო მოსიაშვილმა ისაუბრა.

ავიწყდებათ თუ არა ყოველდღიურ რუტინაში ადამიანებს საკუთარი თავი?

ყოველდღიურობაში ისე ვიკარგებით, გვეჩქარება, გავრბივართ, ავრბივართ, მოსასწრები გვაქვს ყველაფერი: ბავშვები ბაღში, სკოლაში, ექიმთან – მიიყვანე დატოვე, წამოიყვანე, დააორგანიზე, ყურადღება მეუღლეს, სახლის საქმეები, საუზმე, სადილი, ვახშამი, აბანავე, დააძინე, ეთამაშე, მოუსმინე, თან სამსახურში იდეალური თანამშრომელი იყავი, სახლში იდეალური დედა და მეუღლე, როლ გვავიწყდება საკუთარი თავი.

რას ნიშნავს საერთოდ ეს არაფრისმთქმელი სიტყვა „იდეალური“?

გარბის ეს ცხოვრება და რაც კი ძალი და ღონე გვაქვს მივდევთ, ხან არც კი ამოვისუნთქებთ ისე მივდევთ, უკან არ გამოვიხედავთ, და საკუთარ თავში ხომ საერთოდ არ ჩავიხედავთ.

მოდი ერთი წუთით გაჩერდი, ღრმად ჩაისუნთქე, სულ ცოტა ხნით გათიშე გონება და უბრალოდ საკუთარ თავთან დარჩი სულ მარტო.

არანაირი სამსახური, ბავშვი, სახლი, მეუღლე, სოციუმი.

ახლა მოუსმინე შენს თავს და დაფიქრდი რას გრძნობ?

რაღაც უჩვეულოს?

რადგან შენს თავთან ასე ახლოს დიდი ხანია არ მისულხარ?

რაღაც სიმშვიდე ან შეიძლება ფორიაქი გეუფლება?

იქნებ იმიტომ რომ ბევრი რამ აქვს სათქმელი შენთვის და არასდროს გაქვს დრო მოუსმინო ან სულაც გაუბიხარ საკუთარ თავს!

რაშია ბედნიერება?

საკუთარ თავად ყოფნაში! ის რომ იყო „აქ და ახლა“.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ? მომავლის გეგმების ლაგებაში და წარსულზე დარდსა და ფიქრებში ხელიდან გვეცლება დღევანდელი დღე და სად ვართ არც კი ვიცით.

საკუთარი თავიდან შორს გაქცევა და უკან მოუხედავად სვლა ძალიან კარგად გამოგვდის, თუმცა ეს არ გვეხმარება დავინახოთ შორიდან ჩვენი თავი და ჩვენი ქმედებები განვსაზღვროთ.

ძალიან მარტივდება ხოლმე რაღაცეები, როდესაც სხვა თვალით უყურებ. დაიწყე ზრუნვა საკუთარ თავზე და მიხვდები, რომ თუ საკუთარი თავიდან არ დაიწყე, ისევ იქ დარჩები საიდანაც იწყებ.

შენ ხარ უპირატესი, შენ ხარ უპირველესი !

ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამოსადეგი რჩევა, რაც შემიძლია მოგცე, ალბათ იქნებოდა ის, რომ დღეიდან გახდი შენი თავისთვის პირველი შვილი, რომელიც მხოლოდ შენი საზრუნავია!

ნუ გააკეთებ რაღაცას იმის გამო, რომ სხვას უნდა, იკითხე შენ რა გინდა?

შენ როდესაც შიგნიდან რაღაცის დეფიციტი გექნება და რაღაც დანაკლისს, სიცარიელეს იგრძნობ, იცოდე რომ ამას გარედან ვერავინ შეგივსებს!

ისევ შენიდან უნდა შეივსო, ასეთი მომენტებისთვის კი უნდა შეგეძლოს საკუთარ თავთან კონტაქტი!

მინდა გახსოვდეს, რომ ის, რაც დაიგნორებულია რეალურად პრობლემაა და არ თქვა, რომ ამაზე „აღარც კი ვფიქრობ“ და მოგვარებული მაქვს, რომ არ გაწუხებს. რეალურად ის სადღაც კუთხეში გაქვს დაკუჭული ფურცელივით მიგდებული და მას გახსნა, დამუშავება და სწორი დასაწყობება სჭირდება. ყველაფერს საკუთარი ადგილის მიჩენა უხდება ხოლმე.

ემოცია ყველაზე დიდი რესურსია, რომელიც შეგიძლია განცდებად აქციო და რთული მომენტებისთვის შემოინახო.

როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით, ჩვენ ხომ მხოლოდ ეს განცდები გვჭირდება.

შენ გყავს ყველზე ძვირფასი – საკუთარი თავი !

და ისწავლე მასთან კონტაქტი, ისწავლე მისი მოსმენა, უპირობოდ მიიღე, შეიყვარე ის, სწორედ ისეთი, როგორიც არის, რადგან თუ ამას არ გააკეთებ, არავინ გააკეთებს, ამას შენს ნაცვლად.

ბოლოს კი გეტყვი, რომ ყველაფერი საკუთარი თავიდან იწყება, და როდესაც შენ საკუთარ თავზე მუშაობ და ხარ საკუთარ თავთან, უფრო მეტად პროდუქტიული ხარ ოჯახშიც, სამსახურშიც და გარშემომყოფებთანაც მარტივად მიდის ყველაფერი!

მეგზურად კი ამ სიტყვებს დაგიტოვებ:

„თავად უნდა შექმნა ის, რაც გინდა დაინახო სამყაროში“.

magti 5g