LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომ-პარკში ისტორიულ ჰესს აღადგნენ – სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს

138
borjomis-parki-12

ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურგისა და ახალი ათონის ელექტროსადგურების შემდეგ. ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1899 წლის 15 იანვარს და მისი საერთო სიმძლავრე 140 ც.ძ.-ს შეადგენდა. 1950 წელს ჰესმა ფუნქციონირება შეწყვიტა. სადგურის აღდგენის პროექტს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს.

„პირველ რიგში, ესაა სამუზეუმო სივრცე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თაოსნობით დაპროექტდება და განხორციელდება. ამჟამად მიმდინარეობს მუზეუმოგრაფიის ნაწილზე მუშაობა. თუმცა მეორე და უმნიშვნელოვანესია, რომ აღდგება სადგურის პირვანდელი ფუნქცია – ის იქნება მცირე „მწვანე” ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც, თავის დროზე, 103 კვტ სიმძლავრის იყო. რეაბილიტაციის შემდეგ სადგური მეტი სიმძლავრით აღდგება და ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს,“ – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, აღდგენილი ისტორიული ჰიდროელექტროსადგური იქნება კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომლის დათვალიერებაც ბორჯომპარკში იქნება შესაძლებელი.

„ის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის თავად ბორჯომ-პარკსაც, რომელიც ისედაც მდიდარია ბევრი ისტორიული დანიშნულების ობიექტებით. ჩვენ უკვე დავასრულეთ პროექტირების ნაწილი და წლის ბოლომდე გვაქვს საშუალება, რომ გადავიდეთ სარესტავრაციო სამუშაოებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ენერგეტიკის განვითარების ფონდს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის, როგორც ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაევალა. აღდგენილი ჰიდროელექტროსადგური შეასრულებს ორ ფუნქციას. პირველი, როგორც მუზეუმი და მეორე – როგორც თანამედროვე ჰიდროელექტროსადგური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g