ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური წერილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივანისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.
წერილის თანახმად, სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC-ს 2020 წლის 31 ივლისამდე უნდა წარუდგინოს. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია.
საქართველომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილი წელს გამოთქვა. ქვეყანას უკვე გააჩნია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება. 2015 წელს, თბილისმა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა.
„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებით ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში ბორჯომისა და ბაკურიანის კანდიდატურა წარადგინა. სასიამოვნო ფაქტია, რომ ორგანიზაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ბორჯომი/ბაკურიანი მასპინძლობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა. იმედია, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლებას სწორედ საქართველოს მიანიჭებს“,-განაცხადა შალვა გოგოლაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.