„ბორკილებს რომ მადებდა ბადრაგი, მეუბნებოდა: „ღმერთმა ქნას, ეს უკანასკნელი იყოსო“ – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა, თედო აბრამოვმა თქვა, რომელიც დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
ამ სიტყვებით აბრამოვმა, გუშინ, 14 აგვისტოს, მისი საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ საქალაქო სასამართლოში განვითარებული მოვლენები გაიხსენა:
„გუშინ მქონდა პროცესი, რომ გავედი შესვენებაზე, შეუძლოდ ვიყავი უკან რომ ვბრუნდებოდი, ბორკილებს რომ მადებდა ბადრაგი, მეუბნებოდა: „ღმერთმა ქნას, ეს უკანასკნელი იყოსო“.
მაგ მომენტში მეც ზუსტად იმავეს ვფიქრობდი და უბრალოდ, ხმა რომ გავიგონე ბორკილების, მეთქი, „ეს არ მორჩება არასდროს“ – ეგეთი განცდა მქონდა.
მოკლედ, დღეს რომ დავბრუნდი დარბაზში, სხვა ბადრაგი დამხვდა, თუმცა შეგრძნება იგივე მქონდა. არ ვიცოდი, რას უნდა მოველოდი, არ ვიცოდი, რას ვიგრძნობდი, რა ბედი მეწეოდა, თუმცა, თქვენთან ერთად ვარ, ისევ თქვენი წყალობით“, – აღნიშნა თედო აბრამოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, 22 წლის აბრამოვმა აქციებზე დაკავებულ ყველა სამოქალაქო აქტივისტს კიდევ ერთხელ მიმართა და თქვა:
„მეგობრებო, შემართება და ენერგია არცერთ გაკლიათ, სასწაული ბიჭები ხართ. რომ გაგიცანით მანდ, თქვენ მანახეთ გვერდში დგომა, მეგობრობა, ნამდვილი ბრძოლის უნარი და ჩვენი გაუტეხელობით, ჩვენი ძალით, თავდაჯერებით ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ყველანი აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამ ბინძურ სისტემას დავამარცხებთ.
როგორი შეგრძნება იყო, როცა გავიგე რომ უვადო პატიმრობა მემუქრებოდა? ვერ ვიჯერებდი. მიზანი ალბათ დასჯა იყო, ჩვენება, რომ თუ არ გაჩერდებით, აი, რა გელოდებათ.
დღეს ამ დარბაზში მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სხვანაირს ფიზიკურად ვერც მიიღებდა… თუმცა, როგორც წეღან ვახსენე, გამოსვლის მომენტში, შიგნით კვლავ ძალიან ბევრი – ათობით, ასობით და ათასობით პატიმარია, რომელიც იმავეს გადის.
შეიძლება აქციების გამო არ არიან დაკავებულები, თუმცა მაინც მოსამართლეები თვალებს აელმებენ და ტაშს უკრავენ, ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, როცა იციან, რომ თეთრი თეთრია და არ არის შავი, მაგრამ მაინც ასე უსინდისოდ კეტავენ ხალხს და უმწარებენ ცხოვრებას. ბიჭებო, გამძლეობა ყველას და ყველას გისურვებთ მოულოდნელ თავისუფლებას!“ – თქვა თედო აბრამოვმა.
ინფორმაციისთვის, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
მოსამართლის განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მოწმე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს, ასევე, ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.
ფოტო: „პუბლიკა“
⭕💬 „მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩემ შვილს თანადგომას უცხადებდით. მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ, საბერძნეთში დღეს…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Friday 15 August 2025