LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება შვეიცარიიდან მივიღეთ – მე ჩვენი ხალხის დასაცავად კანონიერად ვიმოქმედე: ალექსანდრე ლუკაშენკო

89
ალექსანდრე ლუკაშენკო

„მე ჩვენი ხალხის დასაცავად კანონიერად ვიმოქმედე,“ – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ პარლამენტში განაცხადა და თქვა, რომ Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შვეიცარიიდან მიიღეს.

ლუკაშენკომ ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტი რომან პროტასევიჩი „სისხლიანი აჯანყების“ დაგეგმვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ მიღებული ინფორმაციის შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

„გარე ძალები ქვეყნის წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებენ, მე კანონიერად ვიმოქმედე ჩვენი ხალხის დასაცავად. როგორ უნდა გვემოქმედა, განსაკუთრებით ბომბის საფრთხის ფონზე?

თქვენ ბელარუსში ცხოვრობთ და იცით, რომ სკოლები, უნივერსიტეტები ან საწარმოები ყოველდღიურად იღებენ ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ ინფორმაციას. ავიახაზებიც კი იღებენ ასეთ შეტყობინებებს პოლონური, ლიეტუვური და ლატვიური IP მისამართებიდან. თითოეულ შემთხვევაში, ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხეთ მიღებულ ინფორმაციას,“- განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ქვეყანაზე თავდამსხმელები ბელარუსის დახრჩობას ცდილობენ და მათ „წითელი ხაზები“ გადაკვეთეს.

„როგორც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, ჩვენმა არაკეთილის მსურველებმა შინ და გარეთ შეცვალეს სახელმწიფოზე თავდასხმის მეთოდები. ისინი ქვეყნის დახრჩობას ცდილობენ. მათ გადალახეს მრავალი წითელი ხაზი და გადალახეს საღი აზრისა და ადამიანის ზნეობის საზღვრები,“ – დასძინა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი მინსკში დააკავეს “რეინეარის” თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტი თავის მეგობარ სოფია საპეგასთან ერთად იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

“ბელარუსში სიკვდილით დასჯა მელის” – ლუკაშენკოს კრიტიკოსი ჟურნალისტის დაკავებას დასავლეთში ტერორიზმი უწოდეს

ონლაინ ქსელმა NEXTA-მ განაცხადა, რომ მისი ყოფილი რედაქტორი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. ქვეყნის ოპოზიციონერების თქმით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ.

ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

მომხდარის შემდეგ, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები