27-28 სექტემბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი რიგით მეექვსე პურის ფესტივალს უმასპინძლებს.
ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის პიარმა სოფო მეტრეველმა ისაუბრა:
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.
დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე ძველი ისტორიული ფოტოები, რომლებზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ქართული პური, ქართული ღვინო, დაესწრონ მესხური ქადების გამოცხობის მასტერკლასს და ჩაერთონ თემატურ გათამაშებებში.
ბოტანიკური ბაღის ბილეთის საფასურია:
- ზრდასრულისთვის – 4ლ
- სკოლის მოსწავლისთვის – 0.50ლ
- პენსიონერისთვის – 1ლ
- სტუდენტისთვის – 1ლ
- სოციალურად დაუცველისთვის – უფასოა
- სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის – უფასოა