გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რატომ არ აღმოჩნდათ ბრალდებულ პირებს გიორგი შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალა არაერთი ექსპერტიზის მიუხედავად.
„ბრალდებულებს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და როდესაც მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები ფაქტობრივად ყველას ჰქონდა დაჭრილი. ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ტანსაცმელზე მათ უკვე იცოდნენ წინასწარვე, რომ არანაირი კვალი არ იქნებოდა. მათ არა მხოლოდ ტანსაცმელზე და უშუალოდ სხეულზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაციები და ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც მათ ხელთ იყო იმ დროისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ წაშალეს და გამოძიებას მოუსპეს შესაძლებლობა, რომ მტკიცებულებები მოეპოვებინათ“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.