თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დღეს დახურულ სხდომაზე ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამაზე, ყოფილ პროკურორზე, მირზა სუბელიანზე ისაუბრა.
როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ბრალდებულმა დაადასტურა მისი შეხვედრა მირზა სუბელიანთან.
„პირადად ჩემთვის სიახლე არაფერი იყო. არ უნდოდა პროკურატურას ამის აღიარება. მისი ნათქვამით, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის, მ.კ-ს ქურთუკის მკლავზე დაინახა სისხლი და ასევე რაღაც საგანი, რაც ხელში ეჭირა. ბრალდებულმა დაადასტურა მისი შეხვედრა მირზა სუბელიანთან, როდესაც სუბელიანი მივიდა მ.კ.-ს ოჯახში. როგორც თავად თქვა, მიესალმა კიდევაც მას, მაგრამ მერე მ.კ.-მ გამოიყვანა სახლიდან და უთხრა, ბიძაჩემი ხომ იცი რა მაგარი პროკურორია თვითონ დაალაგებს ამ საქმესო.
ეს საკმაო ინფორმაციაა იქიდან გამომდინარე, რომ სუბელიანზე აქამდე უნდა დაწყებულიყო დევნა, ახლა უკვე კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი იქ ყოფნა და ამ საქმეში უხეშად ჩარევა. გამოააშკარაონ ყველა ბრალდებული,” – განაცხადა სარალიძემ.
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძის შეფასებით, მოწმის ჩვენებით დადასტურდა მირზა სუბელიანის ჩართულობა კონფლიქტის მონაწილეთა გადამალვაში. კითხვაზე დაადასტურა თუ არა ბრალდებულმა პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან მირზა სუბელიანთან შეხვედრა და მოზარდების გადამალვაში მისი ჩართულობა, ადვოკატმა განმარტა, რომ მოწმის ჩვენებით ეს ყველაფერი დადასტურდა.
“მოწმის ჩვენებით ასევე დადასტურდა სხვადასხვა პირების მიერ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობა, მტკიცებულებათა განადგურებაში მონაწილეობა, კონკრეტულ ფაქტში მონაწილე პირების დამალვის ორგანიზება და დამალვაში მონაწილეობაც”, – აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.
ამასთან ადვოკატის თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ისაუბრა დავით სარალიძის დაჭრის ფაქტში სხვა პირების მონაწილეობაზეც.
” ასევე სრულად დადასტურდა, რომ კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სხვადასხვა ადამიანები პასუხისგებაში არ ყოფილიყვნენ მიცემული. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდებულის ჩვენება სრულ თავსებადობაშია საქმეში არსებულ ყველა უტყუარ მტკიცებულებასთან. თავის დროზე ყველაფერი გაკეთდა, რათა წაეშალათ გარკვეული პირების მიერ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და შესაბამისად, კონკრეტული პირები არ დასაჯეს, რასაც მოჰყვა ის, რომ საქმე მთლიანად დაინგრა სასამართლოში განხილვის დროს და ნათლად დადასტურდა, რომ საგამოძიებო ორგანო ტენდენციური იყო. ბრალდების მხარე არათუ ჩიხშია, საერთო სისხლის სამართლის საქმე, რასაც ბრალდება ეყრდნობა, ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან მათი პოზიცია, რომელიც ისედაც ძალიან უსუსური იყო, დღევანდელ სხდომაზე მთლიანად დაინგრა,” – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. სუბელიანის შვილი ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანია.
სუბელიანმა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებით თავად მიმართა. მირზა სუბელიანის თქმით, შვილთან ერთად, რომელიც მისივე თქმით, მომხდარ უბედურებას შეესწრო, პირველ დეკემბერსვე გამოცხადდა პოლიციის სამმართველოში.
