პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვთ.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაცვის მხარე აპირებს, რომ ყველა შიდასამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს, ვიდრე საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.
„ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად იცის იმ დევნის შესახებ, რომელიც უკვე 4 წელიწადია ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ეს დევნა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის დაკვეთილი იყო და პროკურატურამ და სასამართლომ განახორციელეს.
ცხადია, რომ სასამართლოში, სანქცირებული კლანის დაკვეთით, უმსგავსო გადაწყვეტილებებს იღებენ. სწორედ ეს კორუმპირებული კლანი იდგა იმ სასამართლო გადაწყვეტილების უკან, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიიღეს. ჩვენ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ.
ამ დევნის მიზანი ჩვენი რეპუტაციის შებღალვა იყო, რაც არ გამოუვიდათ. მანამ, სანამ საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ, ვაპირებთ, ყველა სამართლებრივი გზა გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლო სრულად დაქვემდებარებულია.
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიტანოთ. მთელი ეს პროცესი კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა იყო. ამ სარჩელით, ვაპირებთ, თვალსაჩინო გავხადოთ, რამდენად სამარცხვინო იყო სასამართლოს გადაწყვეტილა. ბრძოლა გრძელდება მანამ, ვიდრე ეს უსაფუძვლო კამპანია სრულად არ განადგურდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, ეს საჩივარი საბოლოო განაჩენზე პირდაპირ გავლენას იქონიებს, რა ფორმითაც არ უნდა დადგეს ის.
„განაჩენი უზენაეს სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული. ამის პარალელურად, დღეს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ. გარდა იმისა, რომ პროცესი მთლიანად უკანონოა, ამავდროულად, ის ანტიკონსტიტუციურია“, – აღნიშნა ზვიად კორძაძემ.
ცნობისთვის, ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.
ამავე თემაზე:
ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე
გადაწყვეტილება არის აბსურდული… თუმცა შედეგი მაინც სასიხარულოა – გია ხუხაშვილი
ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა – გრიგოლია ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის განაჩენზე